თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემას ხუთშაბათიდან დაიწყებს, - ამის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადა.
მათი თქმით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ საკვები პროდუქტი მიიღონ, ბაღებს უნდა დაუკავშირდნენ. მომმარაგებელი კომპანია კი საბავშვო ბაღებში წინასწარ დაფასოებულ პაკეტებს მიიტანს.
„ბავშვების რაოდენობის მიხედვით მომმარაგებელი კომპანია წინასწარ დააფასოებს პაკეტებს, რომელიც ბაღში მივა. რაოდენობის შესახებ ინფორმაციას კი ბაღი წინასწარ გაარკვევს. იმ მშობელს, რომლებსაც საკვების მიღება სურთ, შეუძლიათ დაურეკონ ბაღებს და ასე მიაწოდონ ინფორმაცია, ბაღში მისვლა საჭირო არ არის“, - განაცხადეს სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ ერთ ბავშვზე ორი კვირის სამყოფი პროდუქტი იქნება გამოყოფილი.
„გაკეთდება გრაფიკი იმის დასადგენად, ვინ როდის მოვა და წაიღებს პროდუქტს, ეს საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ხალხმრავალი კონტაქტი.
რა თქმა უნდა, პერსონალი ეკიპირებული იქნება, ბაღებში კი სპეციალური სივრცე გამოიყოფა და ისე მოხდება საკვების გაცემა. როგორც უკვე ითქვა, ერთ ბავშვებზე 2 კვირის სამყოფი საკვების გაიცემა. პაკეტების გაცემა როგორც თბილისის მერმა თქვა, ხუთშაბათიდან დაიწყება. სწორედ ამიტომ ახლა კომპანიებთან და ბაღებთან ტექნიკური საკითხები თანხმდება“, - განგვიმარტეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო.
იხილეთ ასევე: პროდუქტები, რომლებიც ბაღებში ბავშვთა კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, მშობლებს დაურიგდებათ