ამოწმებს თუ არა განათლების სამინისტრო ონლაინ გაკვეთილების ხარისხს?
17-03-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დისტანციური სწავლების შესახებ საუბრობს და არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. მისი შეფასებით განათლების სისტემა მომზადებული დახვდა არსებულ გამოწვევებს.
„ელექტრონულ პლატფორმებზე საუბრისას ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაც დღეს დაგვჭირდა, მზადება ამისთვის ერთი წლის წინ დავიწყეთ და ეს პროდუქტი სისტემას გააჩნია. ახლა უკვე საუბარია ხარისხზე - რა ხარისხით მივაწოდებთ ამას ჩვენს მოქალაქეებს. მოგვიწია გარკვეული ღონისძიებების და პროექტების აჩქარება, ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რაც ქვეყანაშია“ - ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე განმარტებით, განათლების სამინისტრო ონლაინ სწავლების მონიტორინგს არ ახორციელებს:
„ახლა არის გახანგრძლივებული არდადეგები - ეს არის თავისუფალი დრო, რომელიც აქვს ბავშვს. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად აქტიურად არიან მასწავლებლები და სკოლები ამ პროცესში, როგორ ხდება კომუნიკაცია მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს შორის. რამდენად აქტიურია ადმინისტრაცია. მაგრამ რა დავალებას ასრულებს მოსწავლე, ამის ხარისხის შემოწმება ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. იმიტომ, რომ ეს არის არაფორმალური განათლება“ - აცხადებს დგებუაძე.