მათემატიკის ტესტში სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა, თუმცა შეიცვალა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე აღნიშნავს, აბიტურიენტებს მათემატიკაში მინიმალური ზღვარის გადასალახად 12 ქულის მოგროვება დასჭირდებათ.
„მათემატიკის ტესტში არ შესულა არც სტრუქტურული და არც შინაარსობრივი ცვლილებები. ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათი და 40 წუთია. ერთადერთი ცვლილება განიცადა მინიმალურმა ბარიერმა და ნაცვლად 25%-ისა გახდა 20%. ანუ ტესტი რომ წარმატებით გადალახულად ჩაითვალოს, საჭიროა არანაკლებ 12 ქულის მოგროვება. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ პროგრამებზე მინიმალურ ბარიერზე მაღალი ზღვარი დააწესონ, თავიანთი სურვილის მიხედვით.
რაც შეეხება თავად ტესტის სტრუქტურას, ის შედგება 40 დავალებისგან. პირველი 30 დავალება არის ე.წ. დახურულბოლოიანი. თითოეულ მათგანს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია. აბიტურიენტს ევალება შეარჩიოს სწორი პასუხი და პასუხების ფურცელზე გადაიტანოს არჩეული ვარიანტი.
ბოლო ათი დავალება არის წერითი, რომლებიც ფასდება სხვადასხვა ქულით. თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც სწორად პასუხის გაცემის შემთხვევაში დაეწერება აბიტურიენტს. ამ დავალებების ამოხსნისას აბიტურიენტებს ევალებათ, მსჯელობის სახით სრულყოფილად იყოს შესრულებული და გადატანილი პასუხების ფურცელში შესაბამის ადგილას“, - აცხადებს მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ზაზა თევდორაძის თქმით, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა შესრულებული დავალებები ზუსტად გადაიტანონ პასუხების ფურცელზე იმ ადგილზე, რომელი დავალებაც შეასრულეს.
„მოგეხსენებათ მათემატიკა არ არის საგანი, რომელიც 3-4 თვის ბეჯითი მუშაობის შედეგად იქნება ათვისებული, ამიტომ აბიტურიენტებს ვურჩევ ხანგრძლივად და გულისყურით იმეცადინონ. არ ინერვიულონ გამოცდაზე და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები. რაც ყველაზე მთავრია შესრულებული დავალებები პასუხების ფურცელზე ზუსტად გადაიტანონ იმ დავალებისთვის განკუთვნილ ადგილას, რომელიც შეასრულეს“ - ურჩია ზაზა თევდორაძემ აბიტურიენტებს.