განათლება დისტანციურად - რა უპირატესობა აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც საგანმანათლებლო პორტალზე ტესტებს მუდმივად აკეთებენ?
25-03-2020

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

Izrune.ge-ს მიზანი მოსწავლის, მშობლისა და სკოლის ერთ გუნდად შეკვრაა, რაც ბავშვის ეფექტურ განათლებას განაპირობებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფიქრალი ისაა, რომ მშობელმა შვილს ინტერნეტის სწორად გამოყენება ასწავლოს.

„ეტალონი“ დაინტერესდა, რა მოსწონთ ტესტირებაში ჩართული მოსწავლეებსა და მათ მშობლებს Izrune.ge-ში და რა შემატა მათ საგანმანათლებლო პორტალმა.

ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლადო ფუტკარაძე (VIII კლასი) - „ერთი წელია, დაახლოებით, რაც izrune.ge-ში ვარ ჩართული. ძალიან მომწონს და ვცდილობ, ყოველ კვირას გავაკეთო ტესტები. მიადვილდება, რადგან სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. ჩემთვის მარტივია დისტანციურად სწავლა და izrune.ge ცოდნის შემოწმებაში მეხმარება, კომპიუტერიც მაქვს და ინტერნეტიც, ამიტომ რთული არაა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა ერთვებიან izrune.ge-ში, ვურჩევ, არ გამოტოვონ ტესტები, არ იჩქარონ, იმაზე უნდა კონცენტრირდენ, რომ სწორად გააკეთონ და დრო სწორად გადაანაწილონ“.

თბილისის N174 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე თეკლა გობეჯიშვილი: „დარეგისტრირებული ვარ izrune.ge-ზე, ტესტები არ მიჭირს, მარტივად ვართმევ თავს. თუ პასუხი არ ვიცი, დედა ან მამა ყოველთვის მეხმარება. ჩემს თანატოლებს ვურჩევ ჩაერთონ და შეამოწმონ თავისი ცოდნა და გამოცადონ საკუთარი თავი“.

სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თაკო რაზმაძე აქტიურად მონაწილეობს ტესტებში. მის შედეგებს და ცოდნის დონეს დედაც თვალს ადევნებს.

თამარ ტატიშვილი (თაკო რაზმაძის მშობელი) - „თაკო ჩართულია izrune.ge-ს ტესტებში. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, დისტანციურად ცოდნის შემოწმება კომფორტული და აუცილებელია. ყოველთვის ვადევნებ თვალყურს ჩემი შვილების ცოდნა-განათლებას და მით უმეტეს ახლა, როცა აქტიურად არიან პროგრამაში ჩართულნი. თუ ტესტს ვერ პასუხობს ან არასწორად ახსოვს, შემდეგ ეძებს ინფორმაციას და იგებს სწორ პასუხს. საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომ უფრო განვითარდეს ადამიანი და მით უმეტეს ბავშვი“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, გოგიტა ჯაფარიძის (XI კლასი) მშობელი მაგული ჯინჭარაძე:

„ერთ-ერთი პირველი ჩვენ ჩავერთეთ პროექტში ქობულეთის რაიონიდან. მე იმიტომ მომწონს izrune.ge-ში ჩართულობა, რომ ყველა საგნიდან მოდის ტესტში კითხვები, ხდება განვლილი მასალის გამეორება და ბავშვი მობილიზებულია, გასცეს სწორი პასუხი. რაც მთავარია, ზის და მეცადინეობს. რადგან ყველა საგანს ითვალისწინებს ტესტები, სკოლაში მიღებულ ცოდნას კარგად ამოწმებს. სხვა ბავშვებს, ვინც ჯერ არაა ჩართული, ვურჩევ, ყველა შევიდეს ვებ-გვერდზე. ვისაც სწავლა უნდა და სურს, რაიმეს მიაღწიოს ცხოვრებაში, უნდა დარეგისტრირდეს და იმუშაოს. ყველა ასაკის მოსწავლე უნდა ჩაერთოს“.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის, გიორგი ქურდაძის მშობელი - ქეთინო აიწურაძე:

„ყოველ კვირას აქტიურად ვართ ჩართული ტესტებში. ძალიან კმაყოფილები ვართ და მოგვწონს. ზოგად განათლებას იღებს ბავშვი, რასაც ვერ გაიგებს, მერე ეძებს და იმ ინფორმაციას ეცნობა. ასევე ძალიან მომწონს ტესტებში ლიტერატურაც რომ არის შესული.  გიორგი ცდილობს, კვირიდან კვირამდე განიმტკიცოს ცოდნა, ისწავლოს ახალი და გაიხსენოს განვლილი მასალა. მე ყველა ტესტის შესრულებას ვაქცევ ყურადღებას, რომ ვნახო როგორ აკეთებს. შედეგსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. აუცილებლად უნდა ჩაერთოს izrune.ge-ს ტესტირებაში ყველა ბავშვი, მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნების უნარი, ეროვნულ გამოცდებზეც დაეხმარება ეს ტესტირება, რადგან სწავლობს პასუხის გაცემას და სწორად აზროვნებას“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლისთამარ ჯინჭარაძის მშობელი ნანა ფოცხიშვილი:

„ძალიან გვიყვარს და ჩართული ვართ izrune.ge-ზე. ტესტები მომწონს, რადგან პროგრამის მიხედვით არის ყველაფერი შედგენილი. მე თვითონ პედაგოგი ვარ და მსურს, ბევრი ბავშვი იყოს ჩართული, თუმცა ზოგს უინტერნეტობა უშლის ხელს. ძალიან მომწონს დისტანციურად ცოდნის შემოწმება. ბავშვები ელოდებიან ხოლმე ტესტირების დღეს - ხუთშაბათს დიდი სიხარულით აკეთებენ სავარჯიშოებს. ქულებსაც სიხარულით მეუბნებიან. კარგი ტესტებია, რადგან ყველა საგანს ეხება, ყველაფერს მოიცავს და კმაყოფილი ვარ. დროც საკმარისია. ყოველწლიურად ვართ ჩართული მთელი სკოლა და „ეტალონშიც“ ვმონაწილეობთ, ვცდილობთ, უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტებში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203