მეოთხე დღეა სკოლების ნაწილი დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავიდა. რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა დისტანციური სწავლებისას და რომელი მიდგომა უფრო ეფექტურია - ამ კითხვებზე etaloni.ge-ს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია პასუხობს.
ჯანაშიას მოსაზრებით, მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ონლაინ რესურსის და აპლიკაციის გამოყენება, არამედ სწორი კომუნიკაცია და მრავალფეროვანი მიდგომები, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.
„იმ სკოლებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ონლაინ რესურსი გამოიყენონ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა სიხშირით მოუწევთ ბავშვებს ონლაინ ყოფნა, რა რესურსების მიწოდება შეუძლიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაამყარებენ ურთიერთობას მათთან - მიწერით, ვიდეოჩართვით თუ სხვა საშუალებით.
მასწავლებლებმა მეტი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა დავალებებს აძლევენ მოსწავლეებს შეხვედრიდან შეხვედრამდე, რას აკეთებენ ბავშვები და არა იმაზე, რას აკეთებენ თვითონ. მინიმალური უნდა იყოს ონლაინ ჩართვები, რადგან ეს ძალიან რთულია და მაქსიმალური უნდა იყოს ე.წ. არასინქრონულ რეჟიმში მიწოდებული დავალებები.
ერთ კონკრეტულ აპლიკაციაზე ფიქრის ნაცვლად, მთავარია ვიფიქროთ მრავლფეროვან მიდგომებზე ბავშვების საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ასევე იმაზეც, რომ ამ პროცესმა უქმად არ ჩაიაროს - რას გააკეთებენ ზაფხულში, რათა ეს დანაკლისი აღმოფხვრან“ - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
ჯანაშიას მიდგომაა, დისტანციური სწავლების რეჟიმში მასწავლებლები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სილაბუსს ზუსტად არ უნდა მიყვნენ. ეს არაეფექტური იქნება. მეორეს მხრივ, ე.წ. 45-წუთიანი ონლაინ გაკვეთილის ჩატარება პედაგოგებისთვის უფრო მარტივია, რადგან მხოლოდ ამ დროის განმავლობაში არიან დაკავებულები და ეს ნაკლები თავის ტკივილია.
„ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ინტერნეტში შეიძლება იმის ზუსტი ასლის გაკეთება, რაც სკოლაში ხდება - ეს შეუძლებელია.
ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობებიც არ არის მორგებული იმაზე, რომ 45 წუთი იჯდეს კომპიუტერთან გაკვეთილზე. ამასთან, ხშირად ინტერნეტის ხარისხიც არ იძლევა საშუალებას, ინტერაქცია იყოს ორმხრივი.
მასწავლებლები ცხადია არ უნდა ატარებდნენ ონლაინ გაკვეთილებს ყოველდღიურად ისეთი სიხშირით, როგორც ამას სკოლაში აკეთებდნენ. თუმცა, სხვა მხრივ ეს ახალ თავის ტკივილს აჩენს - მასწავლებელმა მეტი დრო უნდა დახარჯოს, რა დავალებები მისცეს მოსწავლეს და შემდგომ ყველა მოსწავლის დავალება წაიკითხოს, რაც საკმაოდ შრომატევადია. ამიტომ ურჩევნია გაკვეთილი ჩაატაროს და 45 წუთი იყოს დაკავებული მოსწავლეებით. სკოლა უნდა შეეცადოს ისე გააკეთოს ორგანიზებას, რომ დღეში მაქსიმუმ 2-3 გაკვეთილი ჩაატაროს ონლაინ და ესეც არ იქნება საჭირო თუ კარგად მოიფიქრებენ დავალებებს“ - ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისივე თქმით, დისტანციური სწავლების ახალ შესაძლებლობებს აჩენს და საუკეთესო პერიოდია ენების შესასწავლად.
„მნიშვნელოვანია ასაკიც, უფროსკლასელები უფრო კარგად ახერხებენ თვითორგანიზებას, პირველკლასელებისთვის ძალიან რთული იქნება წერა-კითხვის სწავლების გაგრძელება ონლაინ რეჟიმში. მასწავლებელმა არ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგივე პროგრამა გაატაროს ონლაინ რეჟიმში. სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება დისტანციური სწავლების დროს. შესაძლებელია უფრო მეტად ჩართოს თამაშები, ძალიან ბევრი თამაშია ასევე ენის სასწავლადაც. ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო დროა ენების სასწავლად დახარჯონ მეტი დრო და შედარებით რთულია, სპორტით დაკავდნენ მოსწავლეები. ამიტომ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის პრიორიტეტი და იმაზე გააკეთოს მეტი აქცენტი“, - აცხადებს განათლების სფეროს სპეციალისტი.