განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Microsoft-ის პროგრამებში მომხმარებელთა რეგისტრაცია ყოველდღიურად იზრდება. 17 მარტის მონაცემებით, მომხმარებელთა აქტივობა 1 676 %-ით გაზრდილია.
17 მარტს პროგრამა Teams-ში 15 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, გასულ კვირას, აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა. ამ დროის მონაცემებით, პროგრამით 19 000 ადამიანი სარგებლობს.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელ.ფოსტის მომხმარებელთა რაოდენობა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 3 000 უნიკალური იუზერი დარეგისტრირდა.
საგრძნობლად იმატა One drive-ის მომხმარებლის რაოდენობამაც. ბოლო ერთ კვირის განმავლობაში პროგრამაში 2 300 იუზერი გააქტიურდა.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.
დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.
Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) Microsoft-თან უკვე 11 წელია თანამშრომლობს. კომპანიის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა.