მიმართვა მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს: რას გაფრთხილებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?
22-03-2020
სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეწყდა და სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. უკვე ერთი კვირაა, რაც ონლაინ გაკვეთილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. გამოქვეყნებულ მასალებში არასრულწლოვან მოსწავლეთა იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი.

არის თუ არა საფრთხის შემცველი არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს სკოლამ და მშობელმა? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად etaloni.ge სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და არასრულწლოვანთა მშობლებს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას.

„ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას.

არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).

შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203