მასწავლებლების სევდა: როდის ახმაურდება სკოლები - „მოსწავლეებს კომპიუტერების მონიტორებიდან ვეფერებით“
24-03-2020

პრევენციის მიზნით დახურული სკოლები უკვე მესამე კვირაა საქართველოს განათლების სისტემის გამოწვევად იქცა, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა; ამჯერად Etaloni.ge მკითხველის ყურადღებას იმაზე გაამახვილებს, რას განიცდიან პედაგოგები დაცარიელებული სკოლების დანახვაზე, სადაც ახლა არც ბავშვების ჟრიამული ისმის და აღარც ზარი ირეკება.

დღეს სკოლებში აღარავინ ცელქობს, აღარც მასწავლებელს აბრაზებს ვინმე და მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსწავლებით ცდილობენ, დაეწიონ პროგრამას, ემოციურ ფონსა თუ სასკოლო ხმაურის ნოსტალგიას მაინც ვერაფერს შველიან.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მერი სართანიამ Etaloni.ge- გაუმხილა, მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის სკოლის დაცარიელებული შენობის ხილვა ძალიან დამთრგუნველია - „ყოველი დღის გათენება ჩემთვის ბედნიერება იყო, ვხვდებოდი ახალ თაობას, ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი, გვქონდა პირდაპირი ურთიერთობები, იყო კარგი სასკოლო გარემო... ახლა კი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასულები და შეძლებისდაგვარად, ვუმკლავდებით იმ მოლოდინით, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს“.

შორენა გელოვნიშვილი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი კი იმაზე საუბრობს, რომ გაურკვევლობა ძალიან თრგუნავს და მიძინებულ სკოლებს სულიერ შიმშილთან აიგივებს: „ბავშვები მოუთმენლად ელიან სწავლის დაწყებას... იცით, შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ომის შეჩერება ადამიანებს შეუძლიათ, არსებული ვითარების წინაშე კი უძლურები ვართ და ეს ძალიან დამთრგუნველია. სულიერი შიმშილი იწყება, როდესაც სკოლა იძინებს. ბავშვებიც მიხვდნენ, რომ ტექნოლოგიები ვერ ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი მარგიანი, მიუხედავად იმისა, დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში საკუთარ მოსწავლეებს დავალებებს მანამდეც აძლევდა და არსებული გამოწვევა მისთვის ბარიერად არ ქცეულა, საკუთარ თავს „მაქოდან ამოვარდნილ კოჭს“ ადარებს და აღნიშნავს, რომ დახურული ჯგუფი წლების წინ შექმნა: „ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია და ასეთი სახის მუშაობა მუდმივად გვჭირდება, რათა ბავშვებს სახელმწიფო ენა არ დაავიწყდეთ და შრომის შედეგები არ გაგვინულდეს; ახლა კი, როდესაც ასეთი ფორსმაჟორული ვითარებაა, უფრო აქტიურ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. სიმართლე გითხრათ, ბავშვებს იძულებითი არდადეგები აღარ უნდათ, ერთმა მათგანმა ისიც კი მომწერა - არ მინდა თეთრი გაზაფხული, ჩვენ ფერადი გაზაფხული გვჭირდებაო“.

„ძალიან განვიცდით იმას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და მით უმეტეს, როდესაც საქმე მომავალ თაობას ეხება. ცუდი სანახავია ცარიელი კლასები, ცარიელი სკოლის ეზო... თუმცა ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი საუკეთესო მედპერსონალის ძალისხმევით. დარწმუნებული ვარ, მალე გაიხსნება სკოლები, მალე აღდგება სწავლა, მალე დაირეკება ზარი და აჟრიამულდება სასწავლო დაწესებულებები. გვენატრებიან ჩვენი პატარები, რომლებთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობთ და რომელთაც კომპიუტერების მონიტორებიდან ვეფერებით“, - განაცხადა etaloni.ge-სთან დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, გიული ლობჟანიძემ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ია დარბაიძემ კი აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ყველა მასწავლებლისთვის რთული ასატანია: „ეს ყველაფერი ჩვენთვის გაფრთხილებაა, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ შექმნილ ვითარებას ერთი დადებითიც გააჩნია - მშობლები წარმოუდგენლად გააქტიურდნენ. დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, მუდმივად გვიკავშირდებიან, წინ წამოიწია კლასგარეშე მუშაობამ და ბავშვებიც მონდომებულები არიან, ისინიც კი ითხოვენ, დავალებებით დავტვირთოთ, ვინც სკოლაში არ აქტიურობდა“.

ფიქრია ჩხიტუნიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი და ამავე დროს, დირექტორის მოადგილეა. სწორედ ამ სტატუსის გამო, სკოლაში მისვლა არსებულ ვითარებაშიც უწევს ხოლმე და აქედან გამომდინარე, ქალბატონი ფიქრია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ყველაზე უკეთ გრძნობს დაცარიელებული სკოლის სევდას: „ადმინისტრაციას მაინც გვიწევს სკოლაში მისვლა და თამამად შემიძლია თქმა - კაპიტანი, გუნდთან ერთად, თავის ადგილასაა და არ აპირებს აქაურობის მიტოვებას. იცით, ძალიან ცუდი განცდაა, როცა ზარი არ ირეკება და შენობა დაცარიელებულია... კორონას რა ვუთხარით, თორემ, ბავშვების ჟრიამულს რა სჯობს სკოლის კედლებში“.

საკუთარ განცდებზე „ეტალონს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილიც ესაუბრა: „ჩვეული რეჟიმი რომ აღარ აქვს, პიროვნება თავის დანიშნულებას კარგავს; მონატრება აუტანელია, რასაც ისიც ართულებს, რომ ბავშვებთან ელექტრონულად ვურთიერთობთ. თუმცა, ფაქტია -ბავშვებიც მიხვდნენ, რომ რეალურ ურთიერთობებს ვერაფერი ცვლის. ადრე უხაროდათ, როდესაც გაკვეთილი ცდებოდა, ახლა კი ნერვიულობენ, განიცდიან, არ უნდათ, რამე გამორჩეთ, გაფაციცებულები არიან, მეტი მონდომებითაც მეცადინეობენ“.

„მტკივნეული პროცესია მასწავლებლისთვის, როდესაც სკოლა ცხოვრებას წყვეტს, თუნდაც დროებით. ცარიელი შენობით გამოწვეული ტკივილი დიდია, თუმცა მშვიდად ვარ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ოჯახებში უსაფრთხოდ არიან და ყველანაირად ვცდილობთ, მათთან კავშირი არ გავწყვიტოთ. ჩემი სიცოცხლე სკოლისა და მოსწავლეების გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგმა ციცინო გობაძემ;

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნათია ღოღობერიძემ კი გაგვიმხილა, რომ თითოეული პედაგოგი ნატრობს, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და სკოლებში სიცოცხლე აღდგეს: „მთავარია, ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, თუმცა ისიც ფაქტია - სკოლის დაცარიელებული შენობა რთული სანახავია. აუტანელია, როდესაც ზარი არ ირეკება და ჩვენი 2000 ბავშვი არ ხმაურობს. უნდა ნახოთ, ბავშვები როგორ ელიან სწავლის დაწყებას“.

„როცა მასწავლებელი იღვიძებს და ვერ მიდის საყვარელ სკოლაში, ეს მძიმე გრძნობაა; წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში დაცარიელებული სკოლები, თუმცა იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება და სკოლები ისევ ახმაურდება“, - აღნიშნა „ეტალონთან“ საუბრისას ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნესტან დიასამიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია ჯანგებშვილმა კი გაგვიმხილა, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მოუთმენლად ელიან სწავლის დაწყებას: „ბავშვებს ვეკონტაქტებით, დავალებებს ვაძლევთ, თუმცა არსებული ვითარება სევდისმომგვრელია. გასაგებია, რომ სკოლები არდადეგებზე ცარიელდება, მაგრამ განსხვავებული განცდაა იძულებითი არდადეგები - სევდისმომგვრელია, როდესაც სკოლაში სიცოცხლე არ ჩქეფს... იმედია, სკოლები მალე ახმაურდება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203