პრეზიდენტის განცხადება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
21-03-2020
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. განცხადება პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩემო თანამემამულეებო, დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულობის ფარგლებშია.
შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ, ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კრონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის დეკრეტს რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შეიზღუდება მთელი რიგი უფლებები.
„ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეზღუდვები არ შეეხო ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება.
„ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.