რას პასუხობს „ნაეკი“ აბიტურიენტებს კითხვაზე, გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები?
24-03-2020

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 30 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი 2 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შეჩერებული, აბიტურიენტების უმეტესობას აინტერესებს შესაძლოა თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღმა გადაიწიოს ან საერთოდ გადაიდოს?

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის გამოცდების გადადება არ განიხილება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, მათ გადავადებაზე, ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია.

ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, - ასე პასუხობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძემ რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ უწყება ერთიანი ერონული გამოცდების ჩატარების ალტერნატიულ მოდელს განიხილავს.

„დეტალურად ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სამთვე-ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, თუ აღმოჩნდება, რომ ამ დროისთვისაც მასობრივმა თავშეყრამ და ტესტირებამ რამენაირად შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ახალგაზრდებს მთავრობა ამ რისკზე არანაირად არ წავა. ჯანმრთელობა არის პირველი საზრუნავი და შესაბამისად გარკვეულ ალტერნატიულ გზებზეც ვიფიქრებთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ალტერნატიული გზა არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: „ეროვნული გამოცდების ტესტები მეორე სემესტრის მასალით შესაძლოა ძალიან არ დავტვირთოთ“ - სოფიო გორგოძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203