ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა - რისი უფლებამოსილება ენიჭება სამინისტროს პრეზიდენტის ბრძანებით?
25-03-2020

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება თუკი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებაში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - შესაბამისი სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილნი არიან:

ა) დაითხოვონ სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

გ) ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203