სასწავლო პროცესის შეჩერების მიუხედავად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ აპირებს 2020 წელი აკადემიურ წლად გამოაცხადოს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწავლო პროცესის ანაზღაურებას სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით ცდილობს.
Etaloni.ge დაინტერესდა როგორია სკოლის დირექტორების მოსაზრება აკადემიურ წლის გამოცხადებასა და სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ბარაბაძე:
„ვეთანხმები სამინისტროს გადაწყვეტილებას, რადგან მე-12 კლასელები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და აკადემიურ წლად თუ გამოცხადდა ერთი წელი უცდებათ, რაც საკმაოდ რთულია. თუ სწავლას პირველი მაისიდან დავიწყებთ დარჩენილ პერიოდში ეროვნულ სასწავლო გეგმაში სასწავლო პროგრამის 25 პროცენტის მოდიფიცირების საშუალება გვექნება. შესაბამისად, შესაძლებელია რომ არსებული სასწავლო პროგრამა დავძლიოთ, მითუმეტეს მოსწავლეები სკოლასაც მოწყურებულები არიან“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კობა ბარდაველიძე:
„ჩვენი სკოლა ყველანაირად ცდილობს დისტანციურ სწავლების საშუალებით მაქსიმალურად გავიაროთ სასწავლო პროგრამა და ჩავეტიოთ ამ სასწავლო წელში. შესაძლებლობის ფარგლებში ვატარებთ დისტანციურ გაკვეთილებს და იმედი გვაქვს დავძლევთ არსებულ პროგრამას, ამიტომ აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროება ვფიქრობთ, რომ არ დგას“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი გია ჯოხაძე:
„თუ ისე მოხდება რომ მაისის დასაწყისში დაიწყება შესაძლებელია სასწავლო წელი დავხუროთ, გვაქვს საშუალება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, ეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უფრო მისაღებია ვიდრე აკადემიური წლის გამოცხადება“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:
„ნამდვილად შეიძლება სასწავლო პროგრამის მოსწრება. ბავშვები მარტამდე ჩვეულებრივად სწავლობდნენ და აკადემიური წლის გამოცხადებისთვის ცოდოები არიან. დისტანციური სწავლებაც ასე თუ ისე ნორმალურად მიმდინარეობს და ამასაც თავისი შედეგი აქვს, სულ ისე არ არიან დარჩენილნი და ვფიქრობ, თუ მაისში დაიწყება სწავლა, ივნისის ბოლომდე ძირითადი საგნების გავლას მაინც მოასწრებენ მოსწავლეები“.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი:
„ვეთანხმები სამინისტროს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენთვის მითუმეტეს მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის დისტანციური სწავლება პრობლემას არ წარმოადგენს და თავს საკმაოდ კარგად ვართმევთ ამ პროცესს. შესაბამისად აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტორი ია ღლონტი:
„თუ იქნება შესაძლებლობა შაბათის დღის ხარჯზე მოხდება სასწავლო დღეების ანაზღაურება, ამასთან შეიძლება რომ სასწავლო წელი გაგრძელდეს, თუნდაც 2-3 კვირით. ვფიქრობ, ის ძირითადი მიზნები და თეზისები, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მოთხოვნილი კლასის ძირითადი ნაწილი დაძლევს, ამიტომ სასწავლო წლის აკადემიურად გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ“.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე:
„ნამდვილად არ ვეთანხმებით, რომ აკადემიური წელი გამოცხადდეს. სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ მოსწავლეები. ამასთან, სკოლაც თავის მხრივ სასწავლო პროცესის განახლების შემდგომ ეცდება გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თუნდაც შაბათი დღის ხარჯზე, ამიტომ აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ“.