თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი დადგინდა.
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში განსაზღვრულია, პროგრამაში ჩართვის მსურველთა ასაკი, შესაბამისი წინაპირობები, პროგრამაში მონაწილის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია, პროგრამის დაწყებისა და დასრულების თარიღი და სკოლის დაფინანსებისა და მასწავლებლების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.
ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირები.
თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს მონაცემებს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე იმ პირთა ოჯახების შესახებ, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი.
პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება წელიწადში ორჯერ, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 30 ივლისამდე წარდგენის შემთხვევაში - არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 30 ნოემბრამდე წარდგენის შემთხვევაში - არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.
სექტემბერში ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დაფინანსებას:
ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით, რომელიც შეადგენს 500 ლარს;
ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით;
გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-სა.