საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს.
სამინისტროს ცნობით, დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება.
საქართველოს საჯარო სკოლებისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის) შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). ბოლო მონაცემებით პროგრამა Teams-ს უკვე იყენებს 213919 მომხმარებელი.
Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის; განვითარდა საჯარო სკოლებისთვის მხარდამჭერი ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები, რაც განთავსებულია პორტალებზე: email.mes.gov.ge და el.ge.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში; შექმნილია ფეისბუქის ჯგუფი, სადაც EMIS-ის თანამშრომლები და „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები პასუხობენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების დისტანციური სწავლების მიზნებისთვის გამოყენების დროს წამოჭრილ შეკითხვებს; მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მოსწავლე/მშობლებისთვის ვებინარების ორგანიზება Microsoft Office 365-ის პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით; შეიქმნა პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მშობელს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის ჩართულობის გარეშე მიიღოს მოსწავლის პროფილზე წვდომა. დაემატა ბლოგების შექმნის და გაზიარების ფუნქციონალი, სადაც პარტნიორი ორგანიზაციები შეძლებენ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სტატიების განთავსებას. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი მუშაობს დისტანციური სწავლების მიმართულებით მეთოდოლოგიური გზამკვლევის შემუშავებაზე.
კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობით უკვე ნათარგმნია/ლოკალიზებულია TEAMS-ის სასწავლო მოკლე კურსი, რომელიც განთავსებულია პორტალზე EL.GE და email.mes.gov.ge-ის ინსტრუქციების გვერდზე. მიმდინარეობს შემდეგი კურსების თარგმნა/ლოკალიზება: „21-ე საუკუნის სწავლის დიზაინი“ (21st Century Learning Design) და „ოფის 365-ის მასწავლებელთა აკადემია“ (O365 Teachers Academy). დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება Microsoft-თან Office 365-ის გარკვეული პლატფორმების, მათ შორის TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმანთან დაკავშირებით.
ტექნოლოგიების დანერგვაში სამინისტრო აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა „ჩატბოტის“ შექმნაზე, რომელიც ციფრული არსებაა და დაისწავლის მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს, მათთვის გაცემულ პასუხებს. ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესი ავტომატიზირებული და სწრაფი გახდეს. „ჩატბოტი“ ჩაშენდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში.
სამინისტრო ასევე გეგმავს სასკოლო საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით კიბერ ჰიგიენის მიმართულებით საინფორმაციო კამპანიას შემდეგ თემებზე:
პლატფორმაზე EL.GE შეიქმნა მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით თემატური რესურსებია თავმოყრილი. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნის პროცესი, რაც პორტალზე EL.GE საჯაროდ გამოქვეყნდება. მიღებულ პროდუქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება სასკოლო სასწავლო გეგმების თემატური ერთეულების გაუმჯობესება; დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგებს გაეწევა ფასილიტაცია; დისტანციური სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებით შემუშავდება მეთოდოლოგიური გზამკვლევები; აგრეთვე, დაინერგება განმავითარებელი შეფასების ელექტრონულ ფორმატში წარმოება ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენებით.
გარდა ამისა, სამინისტრო აგროვებს მონაცემებს ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან მასწავლებელთა და მოსწავლეთა ხელმისაწვდომობის დადგენის მიზნით.
დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით სამინისტრო თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც. ინტერნეტ პროვაიდერებთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ტექნიკურ საჭიროებებს. განხილულ იქნა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებაზე მორგებული ინტერნეტპაკეტების შეთავაზების საკითხი. მიმდინარეობს თანამშრომლობა კერძო სექტორთან კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
გამომცემლობებმა გარკვეული ვადით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე მისცეს უფასო წვდომა. ასევე, შესთავაზეს გარკვეული აქციები წიგნების მაღაზიებში და ფოსტით უფასო მიტანის სერვისი.
ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.
აღსანიშნავია, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი - sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.
ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომლებიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. ზევით ჩამოთვლილი ყველა პროექტი სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.