მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის, M ვექტორის online ეტაპი მაისის ბოლომდე გრძელდება
30-03-2020
M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განუცხადა.

მათივე თქმით, ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული.

„როდესაც M ვექტორის ძირითადი ეტაპის ონლაინ ჩატარება დავგეგმეთ, მოსწავლეთათვის პროექტის მოქნილი და მოსახერხებელი ფორმატის შეთავაზებაზე ვფიქრობდით. მაშინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სულ მალე დისტანციური კომუნიკაცია არა მხოლოდ კონკურსის ჩატარების ან სასწავლო პროცესის წარმართვის, არამედ ადამიანების ურთიერთობის ძირითადი ფორმა გახდებოდა. თავიდანვე გვინდოდა, M ვექტორი საინტერესო ყოფილიყო მათთვისაც, ვისაც უშუალოდ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ ექნებოდა. ვითარების გათვალისწინებით, ეს უკვე ჩვენს პასუხისმგებლობადაც მიგვაჩნია. დღეს M ვექტორი არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი, არამედ სასწავლო და შემეცნებითი სივრცეა ყველა მოსწავლისა თუ დაინტერესებული მკითხველისათვის.“ - ეს მიმართვა M ვექტორის გუნდმა პროექტის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. 

მოსწავლეებთან უშუალო შეხვედრები Facebook გვერდზე Live ჩართვებით 19 მარტიდან დაიწყო. M ვექტორელებთან დისტანციური შეხვედრები ხუთშაბათობით იმართება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ პროექტის ვებ და Facebook გვერდი დაინტერესებული მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის სასწავლო და შემეცნებითი სივრცის ფუნქციასაც შეასრულებს.

 „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. 

„M ვექტორი“ იმ მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. 

პროექტის ძირითადი, პირველი ტური დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ეტაპის მიმდინარეობისას შინაარსობრივი საკითხების განხილვა მონაწილეებს პროექტის ექსპერტებთან ერთად, სპეციალურ ფორუმზე შეუძლიათ.

დასკვნითი ეტაპი ინტერაქტიულ ლექციებს და დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის შესახებ მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული. განსაკუთრებით საინტერესო მათ შორის არის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის საერთაშორისო STEM ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა და KIU-ში სწავლისა და ცხოვრების გრანტი, თუ ისინი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლას, (დეტალები იხილეთ: www.kiu.edu.ge).  

  • კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)
  • კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“
  • პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  • პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203