2019-2020 სასწავლო წელი ყველა შემთხვევაში დასრულდება - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო მოსწავლეების შეფასების ალტერნატიულ მეთოდზე მუშაობს:
„ეს სემესტრი შედგება. ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს და მასწავლებლებს და მოსწავლეებს ასევე შევთავაზებთ, ალტერნატიული შეფასების გზას, რომელსაც მოგვიანებით გავაჟღერებთ. შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს, ისე რომ მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასში.
ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზად არის, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე, თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ და ასეთ შემთხვევაშიც დავასრულებთ“.