ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფონზე მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ფორმატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ონლაინ გაკვეთილის ჩატარების მინიმალური დრო, ხოლო მაქსიმალური დრო მასწავლებლის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორ მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები და რამდენი დრო ეთმობა თითოეულს? დირექტორების შეხედულებით, რამდენი უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო და უნდა იყოს თუ არა განსხვავებული საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილისთვის დათმობილი დროისგან? დღეში რამდენ გაკვეთილს ატარებენ მასწავლებლები? - ამ დეტალების გასარკვევად etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე:
„ერთი კლასისთვის სამი გაკვეთილი ტარდება დღეში, შეიძლება, ოთხიც ჩატარდეს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, ბავშვები რამდენად შეძლებენ. აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. იყენებენ როგორც ჯგუფებს, ასევე „თიმსის“ პროგრამას. რეკომენდაციების თანახმად, 20 წუთი უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი. ჩვენი მასწავლებლები გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს და დაარეგულირებენ დროს ისე, რომ ბავშვი არც ზედმეტად დაიტვირთოს და არც პროგრამას ჩამორჩეს. რა თქმა უნდა, სრულყოფილი ვერ იქნება, 20 წუთიანი გაკვეთილები განსხვავდება 45 წუთიანისგან, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მასწავლებლები შეეცდებიან მოსწავლეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ცოდნა, შემდეგ იმუშავებენ ბავშვები და დავალებებს გაუგზავნიან მასწავლებლებს“.
კასპის მუნიციპალიტეტის მიქელწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაფერაშვილი:
„ნახევარი საათი მაინც სჭირდება ერთი გაკვეთილის ჩატარებას. თუმცა ეს დრო ყველა საგნისთვის საკმარისი არ არის. მაგალითად, მათემატიკისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. მასწავლებლები ცხრილის მიხედვით ატარებენ გაკვეთილებს. სოფელში ინტერნეტთან დაკავშირებით კი არის პრობლემა, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მაინც ცდილობენ ჩაატარონ. ვფიქრობ, მაქსიმალური დრო, ისე რომ ყველა საგანს ეყოს არის 45 წუთი.“
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი:
„ჩვენ თავიდან შევთანხმდით მასწავლებლებთან, მათ შეეძლოთ ოცწუთიანი გაკვეთილიც ჩაეტარებინათ, მაგრამ პრაქტიკაში მეტ დროს მოითხოვს ერთი გაკვეთილი, რადგან ბევრი ბავშვი ერთვება. დღეს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, საათი და 15 წუთი გამიგრძელდა გაკვეთილიო, რადგან ბავშვები იყვნენ აქტიურად ჩართული და ჰქონდათ სურვილი, რომ გვესაუბრაო. მასწავლებლებს უწევთ დღეში ორი ან სამი გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, საჭიროების მიხედვით, 30 წუთიდან 1 საათამდე. მასწავლებლები საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მოქმედებენ, ერთ დღეს რომ უთმობს ახსნას, მეორე დღეს გამოკითხვაა და მსჯელობენ.“
ქარელის მუნიციპალიტეტის ხეობის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ყულუმბეგაშვილი:
„ჩვენ 20 წუთიან გაკვეთილებს ვატარებთ. ერთ დღეს რომ ავხსნით გაკვეთილს, მივცემთ დავალებას, მეორე დღეს უკვე ვმსჯელობთ ამ დავალების და გაკვეთილის ირგვლივ. აქედან გამომდინარე, თითო თემას ვუთმობთ ორ საათს მაინც. იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სირთულისაა გაკვეთილი. ყველა საგანი ვერ ეტევა 20 წუთში, ინდივიდუალურია, სხვადასხვა საგნის გაკვეთილს სხვადასხვა დრო სჭირდება. ჩვენთვის გაკვეთილის მინიმალური დროა ოცი წუთი, თორემ შეიძლება გაგვიგრძელდეს ხოლმე, იქიდან გამომდინარე, ბავშვები როგორ გაიგებენ. ბავშვებს ვერ დავღლით, გაკვეთილზეც რომ ზის სკოლაში მოსწავლე 45 წუთი, მაშინაც უჭირს ათვისება. 30-35 წუთი მაქსიმუმი მგონია. ჩემი აზრით, ჯობია დამატებით ჩავატაროთ გაკვეთილი, ვიდრე გადავტვირთოთ. მე მათემატიკას ვასწავლი და დღეში 2 გაკვეთილის ჩატარება მიწევს. მასწავლებლები ცხრილის მიხედვით ვხელმძღვანელობთ.“
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ზაკალაშვილი:
„ონლაინ გაკვეთილისთვის, მაქსიმუმ, ნახევარი საათი გვჭირდება. ერთ გაკვეთილზე ერთი საათი ბავშვი ვერ გაჩერდება. მიმაჩნია, რომ 30-35 წუთი საკმარისი დროა. ქართულს და მათემატიკას მეტი დრო სჭირდება, თუმცა გვაქვს ისეთი საგნები, რომლებსაც შეიძლება, ნაკლები დრო დაეთმოს. ქართული, მათემატიკა, ქიმია და მსგავსი რთული საგნები მეტ დროს მოითხოვენ. 40 წუთი, ალბათ, ის დროა, რომელიც ყველა საგანს ეყოფა ონლაინ გაკვეთილისთვის“.
ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ავალიანი:
„ბავშვთან ურთიერთობისთვის გაკვეთილზე 45 წუთიც კი არაა საკმარისი, მაგრამ ხომ არ მივაჯაჭვებთ ტელეფონებთან და კომპიუტერებთან ბავშვებს?! 20 წუთიანი რეკომენდაცია გვაქვს. ხანდახან, შეიძლება, 20 წუთი არ იყოს საკმარისი და მეტი დრო დასჭირდეს მასწავლებელს, მაგრამ ნახევარი საათი მაქსიმუმია. ძალიან იტვირთებიან ბავშვები. არის საგნები, რომლებისთვისაც არ იქნება საკმარისი ოცწუთიანი გაკვეთილი. გაკვეთილის ჩასატარებლად რეკომენდირებული დრო 45 წუთია სტანდარტით, ესგ-ით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტელეფონებს და კომპიუტერებს ეჯაჭვებიან ბავშვები. ამის გათვალისწინებით, 30 წუთზე მეტი დროით ძალიან გადაიტვირთებიან. მასწავლებლები გაკვეთილებს ცხრილის მიხედვით ატარებენ, გაკვეთილის ჩატარება კი თავისი საათობრივი ბადის შესაბამისად უწევთ“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ყორჩაშვილი:
„შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველა ბავშვი ჩაერთო ონლაინ გაკვეთილებში. პრობლემა ისაა, რომ ჭირს ინტერნეტი სოფლებში, ზოგს ტელეფონით ვუკავშირდებით, ზოგს Facebook-ით. არცერთ ბავშვს არ ვტოვებთ ყურადღების და ჩართულობის გარეშე. გაკვეთილისთვის 20-30 წუთი საკმარისია, ხომ ვერ გადავღლით ბავშვებს?!“
ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ სადუნაშვილი:
„ერთი გაკვეთილი 30-35 წუთი გრძელდება. ეს დრო ყველა საგნისთვის საკმარისია. გაკვეთილის ხანგრძლივობა საგანზეა დამოკიდებული და გაკვეთილის თემაზე. ზოგი საგნისთვის 35 წუთი საკმარისზე მეტიც არის, ყველას არ სჭირდება ეს დრო. 20 წუთიც საკმარისია ზოგიერთი საგნისთვის. მე გეოგრაფიას ვასწავლი და დღეში 2-3 გაკვეთილს ვატარებ. ცხრილის მიხედვით ვხელმძღვანელობთ“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე:
„მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად 20-20 წუთი ჰყოფნით. ნორმალური დროა ყველა საგნისთვის. ჩვენთან ერთი მასწავლებელი დღეში მინიმუმ სამ გაკვეთილს ატარებს“.
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გუგულაშვილი:
„მე ბიოლოგიას ვასწავლი და თითქმის 45 წუთი მჭირდება ხოლმე ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად. რაც სამინისტრომ დაადგინა 20-20 წუთი, პატარებისთვის საკმარისია. რეკომენდაციებში წერია, რომ საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მასწავლებლები არ არიან შეზღუდულები, თუმცა 45 წუთზე მეტი არაა საჭირო. ბავშვებმა მარტივად აუღეს ალღო დისტანციურ სწავლებას, კარგად გაართვეს თავი. ახალი ცხრილი გავაკეთეთ, რომ არ დაზარალებულიყვნენ ბავშვები და პარალელურ კლასებში ქაოსურად არ წარმართულიყო ეს პროცესი, ცხრილში დღეში ერთ კლასს სამ გაკვეთილზე მეტი არ ჩავუსვით. რაც შეეხება მასწავლებლებს, თავისი საათებიდან გამომდინარე ატარებენ გაკვეთილებს კვირის განმავლობაში. მასწავლებლების საათობრივი დატვირთვა განსხვავდება. მაგალითად, მე დღეს ორი საათი მქონდა ჩასატარებელი.“