4 ძირითადი რჩევა აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელისგან
31-05-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე, 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, აბიტურიენტებს 4 ძირითად რეკომენდაციას აძლევს.

სწორად გადაანაწილეთ დრო, კარგად წაიკითხეთ თითოეული დავალების ინსტრუქცია, მხატვრული ტექსტის ანალიზისას აირჩიეთ ის ტექსტი, რომელიც უფრო მარტივი იქნება თქვენთვის, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნაწერი კარგად უნდა იკითხებოდეს, რათა გამსწორებელმა შეძლოს მისი გარჩევა და სწორად წაკითხვა - ასეთია ძირითადი რჩევები მათთვის, ვინც წელს გამოცდაზე გასვლას აპირებს. 

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტებს სულ 3 დავალების შესრულება მოუწევთ. მათ შორის: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი.

თითოეული დავალებისთვის პასუხების ფურცელზე საგანგებოდ არის ადგილი გამოყოფილი და შესრულებული დავალება აუცილებლად უნდა გადაიტანოთ თითოეული მათგანისთვის გამოყოფილ ადგილას.

პირველ რიგში გირჩევთ დრო კარგად გადაანაწილოთ, რათა თითოეული დავალება სრულყოფილად შეასრულოთ და მშვიდად გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2019 წლის ტესტები და აბიტურიენტებს შეუძლიათ ნახონ ინსტრუქციები, რომლებიც თითოეულ დავალებას ახლავს თან. გირჩევთ კარგად წაიკითხოთ და გაიაზროთ ინსტრუქცია, ეს დაგეხმარებათ უკეთ გაართვათ თავი თითოეულ დავალებას.

რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს. წელსაც ორი ტექსტი იქნება მოცემული, ერთი პროზაული და მეორე პოეტური. გირჩევთ გაეცნოთ ორივე ტექსტს და შემდგომ მხოლოდ ერთი ტექსტის ანალიზი დაწეროთ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები ორივე ტექსტის ანალიზს წერენ, თუმცა არც ერთი ტექსტის ანალიზი არ გამოსდით სრულყოფილი.

აღსანიშნავია, რომ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ კალიგრაფიას, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი სიტყვის, აბზაცის ამოკითხვაც კი გვიძნელდება იმდენად გაკრული ხელით არის ნაწერი. შესაბამისად, გამსწორებლები ვერ შეძლებენ შეაფასონ აღნიშნული მონაკვეთი, რაც თავის მხრივ აუცილებლად აისახება აბიტურიენტების საბოლოო შედეგზე“, - ამბობს ნანა ლოლაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203