2 მარტს დაწყებული არდადეგები გაურკვეველი დროით გახანგრძლივდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ფორმატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ონლაინ გაკვეთილის ჩატარების მინიმალური დრო, ხოლო მაქსიმალური დრო მასწავლებლის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორ მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები და რამდენი დრო ეთმობა თითოეულს? დირექტორების შეხედულებით, რამდენი უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო და უნდა იყოს თუ არა განსხვავებული საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილისთვის დათმობილი დროისგან? დღეში რამდენ გაკვეთილს ატარებენ მასწავლებლები? - ამ დეტალების გასარკვევად etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ერგემლიძე:
„20 წუთი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, ხანდახან თავად ბავშვებს უნდათ, რომ ცოტა დიდხანს გავაგრძელოთ გაკვეთილები. მათ დისტანციური გაკვეთილები ეხალისებათ, ძალიან მონდომებულები არიან მე-9, მე-10 კლასელები. პრობლემა ისაა, რომ ყველა ბავშვი ვერ არის ჩართული და ზოგს „მესენჯერით“ ვუკავშირდებით. ძირითადად, კი „თიმსში“ ვმუშაობთ. მე მათემატიკას ვასწავლი და ბავშვებს ეხალისებათ დავალებების მომზადებაც. დღეში 2 გაკვეთილს ვატარებთ. რაც შეეხება პედაგოგებს, ჯერ არ არიან დისტანციურ მუშაობას მიჩვეულები, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ყველაფერს შევძლებთ. ბავშვს კომპიუტერთან დიდხანს ვერ გავაჩერებთ. ხან 45 წუთიც არ გვყოფნის გაკვეთილზე, პირისპირ რომ ვესაუბრებით, დისტანციურად, მითუმეტეს, არ გვეყოფა, მაგრამ ბავშვები რომ გადავტვირთოთ, აღარ ექნებათ ხალისი და ამიტომ 20-30 წუთზე მეტი არ არის საჭირო, რომ არც მასწავლებლისთვის იყოს გაკვეთილი დამღლელი და არც ბავშვისთვის.“
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კობერიძე:
„სამინისტროს რეკომენდაციას ვეთანხმები. 20 წუთიანი გაკვეთილი დაწყებით კლასებში სრულიად საკმარისია, იმიტომ რომ ბავშვები იღლებიან და მერე სხვა პრობლემები წარმოიშვება ხოლმე. მაღალ კლასებში 25-30 წუთი სავსებით საკმარისია, რადგან ბევრი ბავშვი გვყავს ჩართული. ვთქვათ, ჩართულია 10 მოსწავლე, თითოეული ითხოვს ყურადღებას და 30 წუთი ასეთ დროს საკმარისი უნდა იყოს. გააჩნია საგანს და თემას, 45 წუთიანი გაკვეთილიც გვქონია. IX-X-XI კლასის მათემატიკა მეტს მოიცავს, მასალაც მეტია გადასაცემი და კომუნიკაციაც მეტია საჭირო. გვქონია შემთხვევა, რომ 30 წუთზე მეტი დაგვჭირვებია, მაგრამ ხშირად - არა. „მესენჯერში" გავაკეთეთ კლასები, თითოეული მასწავლებელი ჩართულია ჩატში და ეს უფრო ადვილად გამოგვივიდა, ვიდრე ჯერჯერობით ის სხვა პლატფორმები, რომელსაც გვთავაზობს სამინისტრო. ლოდინს ვამჯობინეთ, რომ ასე დავწეოდით პროგრამას და მასალა არ გაგვეცდინა. ამის შემდეგ კი შევხედავთ სიტუაციას და ისე მოვიქცევით“.
ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სიდამონიძე:
„ვფიქრობ, 20 წუთი ონლაინ გაკვეთილისთვის საკმარისია. შეიძლება, ქალაქის სკოლა ვერ ასწრებდეს ამ დროში, თუმცა ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, 5-6 ბავშვისთვის კი სავსებით საკმარისი დროა. რადგან ბავშვების რაოდენობა ცოტაა, ამ 20 წუთში გაკვეთილის ახსნასაც ვახერხებთ და გამოკითხვასაც. რაც შეეხება მასწავლებლებს, დღეში სამ-ოთხ გაკვეთილს ატარებენ. ჩვენთან ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობს. ყველა მაგას ჩივის, ამიტომ, ძირითადად, ტელეფონით გვიწევს მოსწავლეებთან კომუნიკაცია.“
ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე მაისურაძე:
„ჩემი დაკვირვებით, 30 წუთია საჭირო დისტანციური გაკვეთილისთვის. ამ დროში შემოვიფარგლე და შევკვეცე რაც შეიძლებოდა. დაწყებითებს ვასწავლი ქართულს, მათემატიკას, ბუნებას და მე და საზოგადოებას. მაღალ კლასებშიც იგივე მდგომარეობაა. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა , 4-ზე მეტი ბავშვი კლასში არ გვყავს და მაინც 20-25 წუთი გვჭირდება. დღეში დაგეგმილი გვაქვს 2-3 გაკვეთილი. „თიმსში“ ყველა ვერ ერთვება, უფრო „მესინჯერით" ვუკავშირდებით მშობლებს და პრობლემა ისაა, რომ სოფელში არ არის ინტერნეტი. ბავშვები ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას და მარტივად ურჩევნიათ, „მესენჯერის" საშუალებით ჩავუტაროთ გაკვეთილები. ჯგუფები შევქმენით და ასე გვაქვს ვიდეო ჩართვები.“
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის დირექტორი გელა ქოთოლაშვილი:
„მასწავლებლები ეტევიან სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ 20 წუთში. ხანდახან ცოტა მეტი დროა საჭირო, თავიდან რამდენიმე გაკვეთილზე მეტი დრო სჭირდებოდათ, ახლა 20 წუთში ასწრებენ გაკვეთილის ახსნასაც და დავალებების მიცემასაც. მივიღეთ რეკომენდაციები და ვზრუნავთ, რომ არ გადაიღალოს ბავშვი. ცხრილი შევცვალეთ, სხვა ცხრილით ხელმძღვანელობენ მასწავლებლები“.
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა მეტრეველი:
„გაკვეთილი, ძირითადად, ტექნიკური ხარვეზების გამო ხანგრძლივდება ხოლმე, ან როცა ველოდებით რომელიმე ბავშვის ჩართვას. თუმცა ვცდილობთ, რომ 40 წუთს არ გადავამეტოთ, ბავშვებისთვის მოსაბეზრებელი რომ არ იყოს. გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საგაკვეთილო თემა. რეკომენდაციების მიღების შემდეგ ხელახლა ვადგენთ ცხრილს. ოფიციალური ცხრილი დღეს უკვე გვექნება. დისტანციურ სწავლებას მარტივად ავუღეთ ალღო ყველამ, თავიდან დავიწყეთ ფეისბუქ-ჯგუფებით. ჯგუფში დავამატეთ მოსწავლეები, მათი მშობლებიც ჩავრთეთ და მასწავლებლებიც. ბავშვები იმდენად ხალისით ჩაერთვნენ, რომ დამატებით გაკვეთილებსაც ითხოვდნენ მასწავლებლებისგან. რაც შეეხება „თიმსს“, ყველა მასწვლებელია ჩართული, მოსწავლეებს კი ცოტა გაუჭირდათ და ვეხმარებით. ამ კვირაში დავასრულებთ მათ რეგისტრაციას და ყველა გადავა „თიმსზე", თუმცა პარალელურად ორივეგან ვტვირთავთ დავალებებს, რომ მოსწავლეები არ დაიჩაგრონ“.