„თუ განათლების სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს დაგვეხმარება, კარგი იქნება“
06-04-2020

პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე გავლენ, წინა ტესტირების შედეგი არ შეუნარჩუნდებათ - ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა და არც მთავრობას დაუმტკიცებია, თუმცა უკვე გახდა ერთგვარი უკმაყოფილების მიზეზი.  პედაგოგები, Etaloni.ge-სთან აცხადებენ - რა გაეწყობა, როგორც გადაწყვეტენ, ჩვენც ისე მოგვიწევს კანონზე მორგებაო, მაგრამ იმედს იტოვებენ, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლები გაითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ ვითრებას და იმასაც, თუ რამხელა შრომას სწევენ პედაგოგები ონლაინ-სწავლებისას.  

ნონა ხუჭუა,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

თუ არ შეგვინარჩუნდება წინა შედეგები, რა გაეწყობა, მაგრამ ჩემი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნებოდა, იმის მიხედვით შეფასებულიყო პრაქტიკოსი მასწავლებელი.

ინდირა ღარწკია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ვიყავი გასული გამოცდაზე, მაგრამ კომპეტენცია ვერ დავადასტურე...  წელს განმეორებით გავდივარ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა კარგი იქნებოდა, წინა შედეგები შენარჩუნებულიყო, რადგან რა ტესტები მოვა, არავინ იცის.

მადონა ვარშანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

არ არის მართებული ეს გადაწყვეტილება! რატომ არ უნდა შეუნარჩუნდეს მასწავლებელს წინა გამოცდის შედეგები? მით უმეტეს,  დისტანციური სწავლების გამო, დაძაბულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა - ერთი წუთით ვერ ვიცლით; აქეთ ტელეფონი, კომპიუტერი, იქით ბავშვებს უნდა ვუპასუხოთ, მშობლებსაც არ უნდა მოვაკლოთ ყურადღება... დილის ცხრა საათიდან ტელეფონს ვერ ვიცილებ, გადაღლილები ვართ და მომზადების დრო ნამდვილად არ გვაქვს.  ვინ წარმოიდგენდა, ქვეყნაში ასეთი მდგომარეობა თუ შეიქმნებოდა, ახლა კი  საკუთრი თავი და მიზნები გადადებული მაქვს. ძალინ განვიცდი, როგორ უნდა მოვემზადოთ და რა იქნება, ვერ წარმომიდგენია; ცალკე ინტერნეტის პრობლემა - ხან გვაქვს და ხან - არა. ოჯახში ორი მოსწავლე მყავს... ასეთ პირობებში წარმოუდგენელია მეცადინეობა და იმედია, მალე დავბრუნდებით სკოლაში, რადგან ძალიან გართულდა დისტანციური მუშაობა. თუ რამეში დაგვეხმარება განათლების სამინისტრო  პრაქტიკოს მასწავლებლებს, კარგი იქნება.

გიორგი ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის პედაგოგი:

გააუქმებენ თუ არა წინა შედეგებს, გამოცდაზე მაინც ვაპირებ გასვლას. მით უმეტეს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მასწავლებლებს დრო საკმარისად გვაქვს, გამოცდებისთვის მოვემზადოთ. ერთია მხოლოდ - რეპეტიტორებთან სიარულს ვერ შევძლებთ და  საკუთარი რესურსით მოგვიწევს გამოცდისთვის მომზადება.

ეთერი კაკალაძე, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი:

 თავის დროზე გამოცდაზე არ გავედი და შემდეგ ვინანე. როდესაც აუცილებელი გახდა კომპეტენციის დადასტურება, იმ პერიოდში მომიწია ჩაბარებამ და საკითხებიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა - წინა პერიოდის ტესტებს ვერც კი შევადარებ. ერთი ქულა დამაკლდა და მითხარით, ამის გამო მასწავლებელი ქუჩაში რატომ უნდა დარჩეს? ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, წინა გამოცდის შედეგები შენარჩუნებულიყო.

ირმა ვეკუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი:

რატომ არ უნდა შეგვინარჩუნდეს წინა გამოცდის შედეგები? უნდა შეგვინარჩუნდეს ნამდვილად, მით უმეტეს, ახლანდელ სიტუაციაში. არ იქნება სამართლიანი, ყველაფერი რომ დაგვეკარგოს.

სალომე ჯიშიაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

მართებული იქნებოდა, ზოგადად, ჩაგვებარებინა პრაქტიკოსებს ეს გამოცდები... ნოემბრის გამოცდა უფრო რთული იყო და ყველა ჯერზე რთულდება.  როგორც საჭიროდ ჩათვლიან, მაინც ისე მოიქცევიან, თუმცა, ნამდვილად კარგი იქნებოდა, წინა გამოცდის შედეგები შეენარჩუნებინათ.

ირმა დოლიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი:

თუკი აუქმებენ, ალტერნატივა რა არის? სხვა რა გზაა, გავალთ გამოცდაზე, წინა შედეგებიც არ მაქვს დაფიქსირებული და მაინც ვაპირებ ჩაბარებას,.

მერი ქამადაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის, დავით მამულაძის სახელობის  საჯარო სკოლის პედაგოგი:

არ მგონია, რომ დასაშვებია წინა გამოცდის შედეგების გაუქმება. რომ დატოვონ  ამით რა დაშავდება? ისედაც სტრესში გვიწევს ცხოვრება და ვფიქრობ, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203