2018-2019 სასწავლო წელიდან 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, სწავლა 14 044-მა არასრულწლოვანმა შეწყვიტა - აღნიშნულ მონაცემებს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში აქვეყნებს.
როგორც ნინო ლომჯარიას ანგარიშსია ნათქვამი, მაღალია მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია მისი მიზეზების გამოვლენის, აღრიცხვისა და სკოლის მიტოვების თავიდან აცილების საკითხები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 14 044 არასრულწლოვანიდან, სწავლა დაწყებით-საბაზო საფეხურზე 6 028-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე 8 016-მა მოსწავლემ შეწყვიტა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არ არის დასაბუთებული მშობლის მიერ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზები, ამასთან ის თუ რატომ აცდენენ მოსწავლეები მიყოლებით 90 სასწავლო დღეს, რის შემდეგადაც მათ სტატუსი ავტომატურად უჩერდებათ.
„უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებს არ გააჩნიათ სკოლის მიტოვების სტატისტიკის აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი შესაბამისი საფუძვლების მითითებით. სამინისტროს მიერ მითითებული საფუძვლების ნაწილი ზოგადია, ერთიმეორეს ფარავს და რეალურ სურათს არ ასახავს. მაგალითად, გამორჩეულად მაღალია იმ შემთხვევათა მაჩვენებელი (შემთხვევათა დაახლოებით 22%), როდესაც მოსწავლე, ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში, სკოლაში არ ცხადდება. არ ჩანს სკოლაში გამოუცხადებლობის კონკრეტული საფუძვლები, რაც არ იძლევა ანალიზის შესაძლებლობას.
ერთ-ერთი პრობლემაა მოსწავლეთათვის, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, სტატუსის შეჩერება. ასეთ შემთხვევაში, განცხადებაში, როგორც წესი, მოთხოვნის მიზეზი არ არის მითითებული. შესაბამისად, მაღალია მშობლის მხრიდან ბავშვის უფლებათა დარღვევის რისკი, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების შემთხვევებში.
სკოლის მიტოვების შემთხვევებში, თანამშრომლობა სკოლასა და სოციალურ მუშაკს შორის, არასათანადოა. ხშირად, ბავშვის მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზები ისეთ ფაქტებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ბავშვის მიმართ ძალადობა, უგულებელყოფა, ჯანმრთელობა, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები, სიღარიბე. ასეთ შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო უწყებების დროულიჩართვა და მათი მიერ სათანადო ღონისძიებების გატარება“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.