„ეს სემესტრი არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“ - მიხეილ ჩხენკელის განცხადება ონლაინ სწავლებასა და ეროვნული გამოცდების თარიღზე
06-04-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს სემესტრი არ ჩავარდება და აუცილებლად შედგება. 

„ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. 

ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ. კერძოდ, ეს გახლავთ ის პროგრამები, რაც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში. Microsoft-ის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ. ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლათფორმებიც.  

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ყველას, ვინც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში, განსაკუთრებით ყველა მასწავლებელს, რომელიც ასე აქტიურად, მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას ონლაინ სწავლების ფორმატში. 

ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.  

მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ გამოცდებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ თარიღი არ გადაიწევს. 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არ ეხება გამოცდის თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილება არ განიხილება“ - აღნიშნა მინისტრმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203