„მასწავლებლობა ადამიანის სულში უნდა იყოს - ეს არ არის პროფესია სამსახურისთვის, ხელფასისთვის“
08-04-2020
პროფესიის არჩევანი გენეტიკურმა ფაქტორმა განაპირობა - ბებია-ბაბუა მასწავლებლები ჰყავდა, თუმცა ამასთან ერთად, ბავშვები ძალიან უყვარს და მიაჩნია რომ მასწავლებლობა ადამიანის სულის ნაწილია და არა პროფესია სამსახურისთვის.

შორენა იმედაიშვილი 106-ე სკოლის მეორეკლასელების დამრიგებელია და ჩვენთან საუბრისას სიამაყით ამბობს - Izrune.ge-ში ასპროცენტიანი ჩართულობა გვაქვსო. ქალბატონი შორენა izrune.ge-ს წიგნიერების დღისთვის მეორეკლასელებისთვის კითხვებსაც ამზადებს და იმაზეც გვესაუბრება, რატომაა მნიშვნელოვანი მოსწავლეების ჩართულობა პროექტში, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა სწავლების ონლაინ-რეჟიმზეა გადასული.

- პროექტში ორი წლის წინ ჩავერთეთ, როგორც კი ინფორმაცია გაჟღერდა izrune.ge-ს შესახებ. მას შემდეგ  ყველა აქტივობაში აქტიურად ვმონაწილეობთ, რასაც პორტალი გვთავაზობს და მშობელთა მაქსიმალური მხარდაჭერით მოვახერხეთ ისე, რომ ასპროცენტიანი ჩართულობა გვაქვს; მოვიპოვეთ მეგობრული კლასის, შემდეგ სუპერ კლასის წოდება და ახლა ველით მომავლის კლასის ტიტულს.



რაც შეეხება izrune.ge-ს მნიშვნელობას, მისი  როლი ძალიან დიდია მრავალმხრივი განვითარების საქმეში - ბავშვები არა მხოლოდ  ცოდნას იღებენ, არამედ ცხოვრებისეულ საკითხებშიც ერკვევიან და ისიც იციან, როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა ჩემი  ორწლიანი მუშაობის შედეგად; როდესაც გაჩნდა ისეთი კითხვები, რის შესახებაც არ სმენიათ, ან კლასში არ გვისაუბრია, ცდილობენ, მიიღონ ინფორმაცია, ეკითხებიან მშობლებს, მასწავლებლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო მამოტივირებელი აქტივობები - დიპლომები დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე... izrune.ge-ს მხრიდან ჩვენი პატარების წარმატების აღიარება განაპირობებს პროექტში მონაწილეობის სურვილს, მით უმეტეს, ახლა, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასულები. ფაქტია - უფრო გაიზარდა izrune.ge-ს როლი და ძალიან გვეხმარება პედაგოგებს, რათა მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები სახლში.

- ქალბატონო შორენა, როგორც ვიცი, izrune.ge-ს წიგნიერების დღისთვის ტესტების შედგენაში მონაწილეობთ. ალბათ ძალიან საპასუხისმგებლოა?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა - საკითხზე გუნდურად ვმუშაობთ და თითოეულ კითხვას გულდასმით, გააზრებით ვადგენთ, მოსწავლეების თვალით ვუყურებთ და ასეთი დამოკიდებულება გვეხმარება, წარმატებით შევარჩიოთ კითხვები.



- თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს, რა წაიკითხონ ბავშვებმა. არადა, პატარებს კითხვა დიდად არ უყვართ, ასეა?

- ეს ყველაფერი, ერთგვარად, მასწავლებლის ძალისხმევაზეა დამოკიდებული და მე, როგორც პედაგოგს, ამ საკითხში ძალიან დამეხმარა izrune.ge.

- ქალბატონო შორენა, თქვენი პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- ვფიქრობ, მასწავლებლობა ადამიანის სულში უნდა იყოს; ეს არ არის პროფესია სამსახურისთვის, ხელფასისთვის, ესაა მოწოდება...თუმცა ჩემ შემთვევაში, პროფესიის არჩევანი გენეტიკურმა ფაქტორმაც განაპირობა - ბებია-ბაბუა მასწავლებლები იყვნენ... ბავშვები ძალიან მიყვარს და ხანდახან რომ დავფიქრებულვარ, სხვა რა პროფესია შეიძლებოდა ამერჩია, მაინც მასწავლებლობას ვუბრუნდები - ესაა ჩემი საქმე.

- თქვენს ბავშვებს ოთხი წლის შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპზე უშვებთ. ალბათ რთულია საკუთარ აღსაზრდელებთან დამშვიდობება.

- პირველი კლასი სულ სხვა ემოციაა, სასიხარულოა, როდესაც ამდენი ანთებული, ცნობისმოყვარე თვალი გიყურებს და მაშინვე გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. შემდეგ ოთხ წელიწადში ვცდილობ, ცოდნასთან ერთად შევძინო ის უნარ-ჩვევები, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ და შემდეგ უკვე, მათი გაშვების დრო დგება, რომელიც ასევე უდიდეს ემოციასთანაა დაკავშირებული - თითქოს სულის რაღაც ნაწილს ვკარგავ, თუმცა ძალას მმატებს იმის განცდა, რომ ისევ მოვლენ ჩემთან პირველკლასელები...



- ამჟამად მეორე კლასელების დამრიგებელი ბრძანდებით. არ გენატრებათ თქვენი პატარები და როგორ ამხნევებთ მათ არსებულ სიტუაციაში?

- ბავშვები მუდმივად მეუბნებიან, რომ მოსწონთ ონლაინ-გაკვეთილები, თუმცა სკოლაში ყოფნა ურჩევნიათ. მე, რა თქმა უნდა, ვცდილობ, დავამშვიდო, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის, ჩვენც ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ ცხოვრებას და დავუბრუნდებით სკოლას.  

რას ვიზამთ, ასე მოხდა - ჩვეულებრივი გარემოდან, უცებ, უჩვეულო გარემოში აღმოვჩნდით, მაგრამ მალევე ავუწყვეთ ფეხი ყველაფერს; დისტანციურ სწავლებაზე გადავერთეთ, ვატარებთ ონლაინ-გაკვეთილებს და გარკვეულწილად, ასე ვივსებთ სიცარიელეს - საკლასო გარემოს ხომ ვერაფერი ცვლის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203