სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - რა დაემატა მინისტრის ბრძანებაში?
09-04-2020
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ხელმოწერით, ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“ დაემატა მეთორმეტე მუხლი. 

etaloni.ge ჩხენკელის ბრძანებას უცვლელათ გთავაზობთ:

„მუხლი 12. გარდამავალი დებულება

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე–12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-12 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის გაცემულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ან/და უკვე გამოცემულია ბრძანება ამ პირთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე ან რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და უარი ეთქვათ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირველ კლასში ჩარიცხვაზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხული მოსწავლეების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების შემდეგ, დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

3. დაევალოს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ამ ბრძანებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203