ხელოვნური ინტელექტი მოსწავლესთან დიალოგში შედის და დასმულ კითხვებზე პასუხობს - სამინისტროს ახალი რესურსი მოსწავლეებს
13-04-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნა.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების რესურსების შექმნის პროცესში ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული, რომელსაც მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია.

ამ მიმართულებით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოსა და მოწვეული ექსპერტების, ახალგაზრდა პროგრამისტებისა და დიზაინერების გუნდი 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს და დღეისთვის უკვე შექმნილია I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით. შესაბამისად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში უკვე შეუძლიათ აღნიშნული რესურსების სატესტო რეჟიმში გამოყენება: school.emis.ge.

„ახალი სკოლის მოდელის“ განმახორციელებელი გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მუსიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დამხმარე ქართულენოვანი ელექტორნული რესურსების შექმნაზეც.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რესურსების შექმნის პროცესში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი ჩეთბოტების სახით. ჩეთბოტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ენის დამუშავების საშუალებით, მოსწავლესთან დიალოგში შედის და მას აძლევს პასუხს დასმულ შეკითხვაზე.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სულ ხუთი ჩეთბოტი, როგორც საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებისთვის, ასევე „ახალი სკოლის მოდელისთვის“, რომელიც ჩაშენებულია პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ახალი სკოლის მოდელი - New School Model და მომხმარებელს პასუხობს რეფორმის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილ შეკითხვებზე. „ახალი სკოლის მოდელის“ „ციფრულმა თანამშრომელმა“, ჩეთბოტმა ფეხი აუწყო მიმდინარე მოვლენებს და „დაისწავლა“ ყველა ის ხშირად დასმული შეკითხვა, რაც დისტანციური სწავლების პროცესში წარმოიშვა. ჩეთბოტი ეხმარება სასკოლო საზოგადოებას დისტანციური პრაქტიკის დანერგვაში. სატესტო რეჟიმში ჩაშვებიდან დღემდე, ჩეთბოტმა 1177 მომხმარებლის შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსები მოსწავლეებს ეხმარება კომპლექსური დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში. მათ სთავაზობს სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებს, გეზის მიმცემ, დამაფიქრებელ შეკითხვებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა კეთების პროცესში მოსწავლე გაიაზრებს საგნის თეორიულ ასპექტებს და შექმნის შემოქმედებით პროდუქტს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203