რა გავიგეთ ამ კვირაში განათლების სფეროში? - ყველა კითხვა, რომლებზეც პასუხები მივიღეთ
17-04-2020

მიმდინარე კვირას, საგანმანათლებლო სფეროში არცთუ ისე ცოტა კითხვაზე მივიღეთ პასუხი. მართალია, აქტივობები ბევრი არ იყო, მაგრამ etaloni.ge-მ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაცია მაინც გააცნო მკითხველს. 

გთავაზობთ, იმ საკითხებს, რომლებზეც დაინტერესებული პირები კითხვებით მოგვმართავენ და მათთვის პასუხებს ოფიციალურ უწყებებთან ვაზუსტებთ. 

როდემდე შეგიძლიათ საგამოცდო ქალაქის შეცვლა მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციისას? - აპლიკანტებს „ნაეკი“ პასუხობს - აღნიშნული სათაურით გამოვაქვეყნეთ სტატია, საიდანაც გამოცდაზე გასვლის მსურველებმა შეიტყვეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიცია: „მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო ქალაქის, ისევე როგორც სხვა ინფორმაციისა და მონაცემების შეცვლის უფლება 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, ისინი განაცხადში ცვლილებას ვეღარ შეიტანენ“. 

რეგისტრაციისას ქალაქის მითითების პრობლემა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მოქალაქე რეგიონშია და საგანგებო მდგომარების 10 მაისის შემდეგ გახანგრძლივებაც გაურკვეველია, აპლიკანტები დაბნეულები არიან.  მათ არ იციან გამოცდის დროს ისევ რეგიონში მოუწევთ ყოფნა თუ უკვე დედაქალაქში იქნებიან  დაბრუნებულები.

სააღდგომოდ მასწავლებლებს ხელფასი არ დაერიცხათ და ისინი კუთვნილ ანაზღაურებას გრაფიკით მიიღებენ. გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საიმისტრომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. დაერიცხებათ თუ არა მასწავლებლებს ხელფასი წინასააღდგომოდ - რა გადაწყვეტილება მიიღო განათლების სამინისტრომ - ამ კითხვით უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც რამდენიმე პედაგოგმა საკითხის საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ მოგვწერა. სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს: „ისინი კუთვნილ ანაზღაურებას გრაფიკის შესაბამისად მიიღებენ“, - ასეთი გახლავთ ოფიციალური პასუხი, რომელსაც მეტი კონკრეტიკა არ მოჰყოლია.

დაკარგავენ თუ არა სტატუსს უფროსი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე მეორედ გავლენ და წარუმატებლად ჩააბარებენ? - შეკითხვა ყველა იმ პედაგოგს აწუხებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე გასვლას აპირებენ. მეორე გასვლას უფროსი პედაგოგები გეგმავენ, რადგან მომავალში შეძლონ წამყვანის სტატუსის მოპოვება. ამას კი, რეგულირების ახალი წესით მხოლოდ ის პედაგოგები შეძლებენ, ვისაც გამოცდა 7 კრედიტქულით აქვს ჩაბარებული. შესაბამისად, ვისაც უფრო ნაკლები ქულებით აქვს სტატუსი მოპოვებული, საკუთარ შესაძლებლობებს ხელმეორედ სცდიან და აინტერესებთ, უკვე მოპოვებული სტატუსიც ხომ არ გაუუქმდებათ უარესი შედეგის მიღების შემთხვევაში. ტესტირებაზე გამსვლელი პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლმა სასიამოვნო პასუხი გაგვცა: „უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებს გამოცდაზე მეორედ გასვლის უფლება აქვთ. ამასთან, გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში მათ სტატუსს არავინ შეუჩერებს ან გაუუქმებს“, - განაცხადეს მასწავლებლის სახლში.

ამ კვირაში გავიგეთ ისიც, რომ სწავლა კვლავ გადავადდება. იქიდან გამომდინარე, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება, სკოლებში სასწავლო პროცესი არც 21 აპრილს აღდგება და სკოლაში დაბრუნება მინიმუმ ამ თარიღამდე გადაიდო. შესაბამისად, სკოლები ისევ ონლაინ ფორმატში გაარძელებენ სასწავლო პროცესს.

და ბოლოს, კვლავ დაგეგმილი მასწავლებელთა და ეროვნული გამოცდები. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამიტომ, ზოგი მოითხოვს გამოცდების რეგისტრაციის საფასური გაუქმდეს. იდეა არაერთმა აპლიკანტმა წამოაყენა. ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციით დავინტერესდით. როგორც საგამოცდო ცენტრში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე, არც ერთ გამოცდაზე არ იგეგმება რეგისტრაციის საფასურის გაუქმება. თუკი რაიმე ტიპის ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ნაეკი“ აცნობებს საზოგადოებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203