დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდგომ სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ნაწილი უფასოდ გამოაქვეყნდა, ნაწილი კი კვლავ ფასიანია.
ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, რომ გაგვერკვია, რატომ არის ელექტრონული სახელმძღვანელოების ნაწილი ფასიანი. როგორც etaloni.ge-ს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო უფროსმა მარიამ ჩიქობავა განუცხადა, სახელმძღვანელოების უფასოდ ხელმისაწვდომობა თავიდან ბოლომდე გამომცემლობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ საკითხზე სამინისტრო გამომცემლობებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ამ ეტაპზე გამომცემლობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ დავიწყეთ მოლაპარაკებები და ვნახოთ, გვინდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელმისაწვდომი გავხადოთ ელექტრონული ვერსიები“, - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგების ზუსტ ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოდ სექტემბერში უკვე მზად იქნება ყველაფერი:
„ზუსტად ვერ გეტყვით. ეს უფრო სექტემბრისთვის თუ იქნება. ანუ თუნდაც მალე გადაწყდეს საკითხი, სანამ ხელშეკრულებები გაფორმდება და დაითვლება ყველაფერი, სოციალური სისტემა უნდა აეწყოს, სადაც გამოჩნდება, რამდენმა მოსწავლემ ისარგებლა ელვერსიით“.
ცნობისთვის, აღნიშნულის გამო, მოსწავლეების ნაწილი ვერ სარგებლობს ელექტრონული სახელმძღვანელოებით, რადგან გამომცემლები ვალდებულნი არ არიან ყველა სახელმძღვანელო უფასოდ გადმოაწერინონ მომხმარებელს, შესაბამისად, წიგნების ნაწილი კვლავ ფასიანია, რაც იმ მოსწავლეებისთვის, ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, რომლებიც პანდემიის პირობებში თუნდაც საკუთარ სახლში არ იმყოფებიან და სახელმძღვანელოები თან არ აქვთ.
იხილეთ ასევე: არაქართულენოვანი სკოლებისთვის უფასო ელექტრონული სახელმძღვანელოები გამოქვეყნდა
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის! - გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები უფასოდ