„არ ხართ მართალი. მაშინ არ მიგეცათ უფროსი მასწავლებლის წოდება ვინც 4 ქულა მიიღო. უფროსი უფროსია. ფუი, ასეთ სამართალს“
„გავერთიანდეთ და მივმართოთ პროფკავშირს. მერე კიდე სხვა ზომებიც მივიღოთ, „დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან“
„აქ წერით არაფერი გამოვა, მივმართოთ სადაც და ვისაც საჭიროა“ - ეს იმ უფროსი პედაგოგების კომენტარების მცირე ნაწილია, რომლებიც სტატუსის ასამაღლებლად საგნის გამოცდაში სავალდებულო მინიმუმ 7 კრედიტიან შედეგს აპროტესტებენ.
მასწავლებელთა რეგულირების ახალი წესის მიხედვით, უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ წამყვანის სტატუსის მოპოვებას, თუ გამოცდაზე არანაკლებ 7 კრედიტი აქვთ აღებული. 7 კრედიტი 50%-იანი ბარიერის გადალახვას გულისხმობს.
ამის შესახებ მასწავლებელთა სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან წლის დასაწყისში აღნიშნა.
ამ გადაწყვეტილებამ უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებში განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ნაწილი საგნის გამოცდაზე ხელახლა გასვლას და ქულის გაუმჯობესებას აპირებს, მასწავლებლების ნაწილი კი ამას აპროტესტებს და საქმეში პროფკავშირების ჩართვას გეგმავს.
უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგების ხელშეწყობა ამჯერად ისაა, რომ გამოცდაზე მეორედ გასვლის შემდეგ გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში, მათ უკვე მოქმედი სტატუსი არ გაუუქმდებათ. მიუხედავად ამისა, უფროსი მასწავლებლის ნაწილს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გზის გახსნა გამოცდის შედეგის გაუმჯობესების გარეშე სურს.
ამ ფაქტმა თავად მასწავლებლებშიც დაპირისპირება გამოიწვია. ის პედაგოგები, რომლებსაც გამოცდებში 10 კრედიტი აქვთ მიღებული, ფიქრობენ, რომ მათ, ვინც 1 და 4 კრედიტით მოიპოვეს სტატუსი, „იოლად მიიღეს უფროსობაც“ და ახლა მეტი სურთ.
ასევე ფიქრობენ მაძიებლებიც, რომლებმაც გამოცდაზე 10 კრედიტი მიიღეს, თუმცა სკოლაში ვერ დასაქმდნენ.