„აკადემიური სემესტრის გამოცხადების შემთხვევაში, პირველკლასელებს ვეღარ მივიღებთ“ - რა პოზიცია აქვთ განათლების კომიტეტში?
22-04-2020

აკადემიურ სემესტრად გამოცხადების შემთხვევაში, სკოლებში გვეყოლება ისევ იგივე საზოგადოება და უბრალოდ ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან სკოლებს ინფრასტრუქტურულად არ ექნებათ ადგილი იმისთვის, რომ პირველკლასელები მიიღონ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.

მანვე მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის. ხოლო განათლების სამინისტროს, დირექტორებსა და ადმინისტრაციას მოუწოდა შეიმუშაონ ინდივიდუალური ეროვნული სასწავლო გეგმა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერც დისტანციური სწავლებაში ერთვებიან და არც ტელესკოლაში ჩართვის საშუალება არ აქვთ.

„მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად შრომობენ იმისთვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი იყოს მიღწეული.

მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური განათლების სწავლა-ხელმისაწვდომობამ განაპირობა, ის რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. რაც აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების იდეას.

დავამატებდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა მოქნილია თავისი იდეით. ვიცით, რომ არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც მიუხედავად ყველანაირი შეღავათისა არ აქვთ ტელევიზორიც კი და არ აქვთ საშუალება დისტანციურ სწავლებაში ჩაერთვნენ. ასეთ შემთხვევაში სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროს მოვუწოდებდი გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ასეთი ბავშვების მიმართ და გააძლიერონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იმისთვის რომ ეს ბავშვებიც იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმების მიღწევის პროცესში.

გარდა ამისა, რომ გამოვაცხადოთ აკადემიური სემესტრი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ჯერ ერთი პანდემიიდან გამომდინარე არავინ იცის როგორ გაგრძელდება მოვლენები 2-3 თვის შემდგომ და ამასთან, თუ სკოლებში ჩვენ გვეყოლება ისევ იგივე საზოგადოება უბრალოდ ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან სკოლებს ინფრასტრუქტურულად არ ექნებათ ადგილი იმისთვის რომ პირველკლასელები მიიღონ“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203