რა შემთხვევაში აქვთ სკოლებს პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის უფლება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ - ცვლილება ბრძანებაში
01-05-2020

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში მორიგი ცვლილებები შევიდა.

ახალი ბრძანებით განისაზღვრა, საჯარო და კერძო სკოლებში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ იმ ორგანოების უფლებამოსილება, რომლებსაც უფლება აქვთ ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით გამონაკლის სახით ჩარიცხონ მოსწავლე სკოლაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდგომ ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების უფლებამოსილება საჯარო  სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით გასცეს თანხმობა ან უარი.

ამასთან, რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

პირველ კლასში ჩარიცხვისთვის განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ რესურსცენტრი, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში  უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ან უარი კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე.

რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203