ნიშნები თუ განმავითარებელი შეფასება - როგორ შეაფასებენ პედაგოგები მოსწავლეებს
04-05-2020

ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა დისტანციურ სწავლებაზე რომ გადავიდა. სექტემბრამდე სასწავლო პროცესი არ აღდგება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება. მოსწავლე-მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ დღეს მეტად აქტუალურია ერთი საკითხი - როგორ მოხდება მოსწავლეთა ცოდნის შეფასება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ნიშნები არ იწერება და შესაბამისად, არც კონკრეტული ქულა განსაზღვრავს ცოდნის ხარისხს.

მართალია, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება, როგორ შეფასდებიან სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეები, იქნება ეს წინა სემესტრის ნიშანს დამატებული განმავითარებელი შეფასება, თუ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით შემოვიფარგლებით, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამ საკითხზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. Etaloni.ge-ს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მასწავლებლები განმავითარებელი შეფასებით უნდა შემოიფარგლონ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადადაც, სკოლებში განმავითარებელი შეფასების დანერგვა სერიოზულად განიხილება.

რა მოხდება სამომავლოდ, ამას ვერავინ იტყვის, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელთან, მაია კობახიძესთან:

- ჩვენთან დანიელ ექსპერტ-მასწავლებლები ტრენინგებს ატარებენ და ერთ-ერთი თემა იყო სწორედ განმავითარებელი შეფასება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ ინერგება და ჯერჯერობით, მასწავლებლებისთვის უცხო ხილია.

როდესაც ამ საკითხზე საუბარი დაიწყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირი იყო პროტესტი მშობლების მხრიდან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი შეფასება, თუმცა ფაქტია - მთელი მსოფლიოს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები აღიარებენ, რომ განმავითარებელი შეფასება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა.

მიმაჩნია, რომ დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ონლაინ-სწავლებისას, მოსწავლეების შეფასება. მართალია, არის რეკომენდაცია, წინა სემესტრის მიხედვით მოხდეს შეფასება, მაგრამ იქნებ ბავშვმა მეორე სემესტრში გააუმჯობესა შედეგი? ვინაიდან  ეროვნული სასწავლო გეგმა შეფასებას ითვლისწინებს, ამას გვერდს ვერ ავუვლით, როგორ მოხდება ეს -   ამ საკითხზე დღეს უამრავი კითხვაა და ჩვენც გვინდა განათლების სამინისტროსთან წარვმართოთ დიალოგი და ჩამოვყალიბდეთ ერთ კონკრეტულ აზრზე.

- ზოგადად ხომ არ ვაპირებთ საქართველოს სკოლებში განმავითრებელი შეფასების დანერგვას?

- დიახ, არის ამაზე საუბარი, რომ განმავითარებელი შეფასება უფრო ფართოდ დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში და ამაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემაც ისაუბრა, ერთ-ერთ ვებინარზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ამის დანერგვა. ჩვენი მხრიდან მუშაობა დაწყებული გვაქვს, არის სხვადასხვა საინტერესო მეთოდოლოგია, რომელიც განვითარებულმა ქვეყანებმა მოგვაწოდეს და ამას ჩვენ ვასწავლით პედაგოგებს; ვინც გაერკვა, თვითონ მასწავლებლებისთვის მოსაწონი აღმოჩნდა, მაგრამ წინააღმდეგობა მოდის მშობლებისგან, არადა, ნიშნის, კონკრეტული ქულის  დაწერა უფრო მარტივია, ვიდრე განმავითარებელი შეფასების გამოყენება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203