განახლდება თუ არა სააუდიტორიო მეცადინეობები? - უნივერსიტეტების პასუხები სტუდენტებს
06-05-2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა რექტორის გიორგი შერვაშიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სააუდიტორიო მეცადინეობები 25 მაისს განახლდება და 27 ივნისს დასრულდება.

ჩვენ დავუკავშირდით უნივერსიტეტს, რომ უფრო დეტალურად გაგვეგო, აქვთ თუ არა რეკომენდაციები, როგორ უნდა უზრუნველყონ სტუდენტთა ჯანმრთელობა და იგეგმება თუ არა გარკვეული ცვლილებების შეტანა სასწავლო პროცესში.

მათი თქმით, რექტორის ბრძანებით არ იცვლება გაზაფხულის სემესტრის ვადები, ხოლო სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 4 მაისის ბრძანებით განისაზღვრა სასწავლო წლის სასწავლო პროცესების ვადები. აღნიშნული ბრძანების მიხედით არ იცვლება გაზაფხულის სემესტრის ვადები. როგორც იყო აქამდე გაცხადებული, სასწავლო პროცესი დასრულდება 27 ივნისს, რის შემდგომაც იწყება საგამოცდო პერიოდი.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ რაც აისახა რექტორის ბრძანებაში. სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

სააუდიტორიო და/ან ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენის შემთხვევაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია“, - განგვიცხადა თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

თსუ-ს შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, სხვა უნივერისტეტების პოზიციითაც და შევეცადეთ გაგვეგო რა გეგმები აქვთ სასწავლებლებს.   

სააუდიტორიო მეცადინეობების განახლების თარიღი გაურკვეველია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ჯერ არ არის არავითარი დადგენილება მიღებული, იმასთან დაკავშირებით თუ როდის და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე სანამ გადაწყევტილება არ იქნება მიღებული წინასწარ ვერაფერს ვიტყვით“ - ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე.

აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი ამ სემესტრში - კითხვაზე დაზუსტებული პასუხის გაცემა უჭირს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ხათუნა თოდაძესაც.

„გამოკვეთილ პასუხს ვერ გაგცემთ ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან და საბოლოო გადაწყვეტილებას როცა მივიღებთ ამის შესახებ სტუდენტებსაც ეცოდინებათ და ყველა დაინტერესებულ მხარესაც. ამ ეტაპზე საკმაოდ ინსტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებით იმ დისციპლინებთან მიმართებით სადაც დიდია პრაქტიკული კომპონენტი“, - განაცხადა ხათუნა თოდაძემ.

როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება, მანამდე კი ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლა მხოლოდ დისტანციურად, სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების საშუალებით გრძელდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსჯელობენ უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვებაზე, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან - მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან.

იხილეთ ასევე: ვისთვის აღდგება სწავლის პროცესი გამონაკლისის სახით – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203