ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს შეუძლიათ მოიპოვონ 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.
რის მიხედვით მოიპოვებენ აბიტურიენტები გრანტს და როგორ შეგიძლიათ გამოთვალოთ აბსოლუტური ქულა - Etaloni.ge დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
რის მიხედვით ხდება აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება?!
აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგების გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისათვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.
თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას - აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოური ენაში და დამატებით საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.
აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს.
იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო.
აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10-ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.
აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა. აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე. (მაგალითად - 10-ზე, როგორც ეს აღნიშნულ მაგალითშია მოცემული).
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება: საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა იყოფა 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:
მათემატიკა; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა; ზოგადი უნარები; ისტორია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება.
მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგად უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა - 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის - პრიორიტეტული წონა - 1.
საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით
გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.