„ჩვენი პედაგოგები, ექიმებთან ერთად, გმირები არიან“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია
07-05-2020

დისტანციური სწავლება, მოსწავლეებთან მუდმივი კომუნიკაცია, ხარისხიანი ონლაინ-საგაკვეთილო პროცესი... ამ ყველაფერს, ფორსმაჟორულ და საკარანტინე რეჟიმში ვერც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა ასცდა. სკოლა, სადაც ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვები სწავლობენ, რომელთა უკან ომგამოვლილი ოჯახები დგას. ბუნებრივია, მათ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული სჭირდებათ, რასაც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია, ერთმუშტად შეკრულ კოლექტივთან ერთად, უხვად გასცემს. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ქალბატონი ნანა Etaloni.ge-სთან, რომელიც ბავშვებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლისიმასაც გვიმხელს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, გაამხნევოს მოსწავლე მასწავლებლები და იმედოვნებს, რომ ეს ინტერვიუც მოტივაცია იქნება მათთვის.

- ჩვენი  სასკოლო საზოგადოება არ არის დიდი - მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და როგორც კი არდადეგები გახანგრძლივდა, მალევე შევეხმიანეთ ერთმანეთს. გულწრფელად გეტყვით - სწორედ ჩემი გუნდის ერთსულოვნებამ განაპირობა, რომ მალევე შევძელით მობილიზება, მაშინვე დავიწყეთ კვლევა, რათა შეგვესწავლა მოსწავლეთა კონტინგენტის ტექნიკური შესაძლებლობები. მოგეხსენებათ, ჩვენ სკოლაში, ადგილობრივებთან ერთად, სწავლობენ აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები და მათ შორის, არიან სოციალურად დაუცველები. კვლევა იმისთვის გვჭირდებოდა, რათა ორმხრივი კომუნიკაციის დროს გარკვეული პრობლემები არ შეგვქმნოდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმაც, მასწავლებლბმაც და მშობლებმაც ძალიან იაქტიურეს... ამ თანადგომით მოვდივართ დღემდე და მინდა, მადლიერება  გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ - ყოველთვის შეუძლიათ, ჩემი იმედი ჰქონდეთ. შეუძლებელი მართლაც არაფერია, თუკი იქნება სურვილი, მონდომება და თანამშრომლობა.

პედაგოგები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, მაქსიმალური ჩართულობით ვცდილობთ, ხარისხიანი იყოს სწავლა-სწავლების პროცესი და ამისთვის ვიყენებთ არა მხოლოდ იმ პლატფორმას, რომელსაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს, ვკონტაქტობთ ასევე სოციალური ქსელის საშუალებით. იმ მოსწავლეებს, ვინც არ არიან ჩართული და ასეთი ერთეული შემთხვევებია, ტელეფონით ვუკავშირდებით...

ხშირად მაქვს პედაგოგებთან ოლაინ-შეხვედრა, ვამხნევებთ ერთმანეთს და განვიხილავთ საჭირბოროტო საკითხებს...

- ასეთ დროს, ხელმძღვანელზე ბევრია დამოკიდებული, მათ მორალურ მხარდაჭერას როგორ ახერხებთ?

- ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია... როდესაც გიხარია ადამიანს, მაშინაც გჭირდება მორალური მხარდაჭერა, არამცთუ ასეთ სტრესულ გარემოში... თუნდაც ჩვენი ინტერვიუ, მათთვის მოტივაცია იქნება. ვამხნევებ სიტყვით, პედაგოგები მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებზე ნაკლებად აისახოს სტრესული გარემო - მოგეხსენებათ, პატარები უფრო მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს. ვთავაზობთ სხვადასხვა სახალისო აქტივობას, რის საშუალებასაც დისტანციური კომუნიკაცია გვაძლევს.

- თუმცა, დისტანციური კომუნიკაცია სკოლაში მეთორმეტეკლასლებისთვის ბოლო ზარის დარეკვის საშუალებას ვერ მოგცემთ.

- ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საიდუმლო, რომელსაც ვერაფრით გავახმოვანებ. მზადება დაწყებულია, ჩართულია დამრიგებელი, დირექცია და თავისთავად, მთავარი გმირები მეთორმეტეკლასელები იქნებიან. სკოლაში არა, მაგრამ შევეცდებით, ბოლო ზარი მაინც დავრეკოთ და ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი ბავშვები.



- ამ ბავშვებმა ომი გამოიარეს, ქალბატონო ნანა, როგორია მათთან მუშაობა?

- ეს მოსწავლეები არიან დევნილები, როგორც სამაჩაბლოდან, ასევე აფხაზეთიდან და ყოველი მათგანის უკან დგას ომგამოვლილი ოჯახი, ომი კი დაღს ასვამს ყველას... ჩვენ ვცდილობთ,  მოსწავლეებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო, სკოლა იყოს კეთილმოწყობილი და ბავშვებს ჰქონდეთ ყველაფერზე წვდომა, რაც სასკოლო რესურსს მოიცავს. გვაქვს სახელობო წრეები და წარმოიდგინეთ, მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის სასკოლო ფორმებიც კი შეკერეს. ერთს გეტყვით - ბავშვი, ყველა ბავშვია, ჩვენთან დიფერენცირება არ ხდება, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ადგილობრივი მოსწავლეებიც არიან და ყველანაირად ეწყობა ხელი მათ ინტეგრაციას. მობილიზებული, სწავლაზე ორიენტირებული, ნიჭიერი ბავშვები არიან.

- რომელთა თვალებშიც სევდა იკითხება, არა?

- ასე თუ ჩავუღრმავდებით, რა თქმა უნდა... სექტემბერში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას ვაწყობთ ხოლმე და ამ დროს ნამდვილად იგრძნობა სევდა... თუმცა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, სევდიან საკითხებზე იყოს მუდმივი მსჯელობა და საუბრები, თორემ სევდა ყველას აქვს - მშობლიურ მხარეს მხოლოდ გადმოცემით იცნობენ და თითოეულ მათგანს სურს დაბრუნება. ჩვენ კი ყველანაირად ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თქვენს კოლეგებთან თუ გაქვთ კომუნიკაცია და შექმნილ სიტუაციაში,  როგორ არიან ეს ადამიანები?

- ახალგორთან მიმართებაში ნაკლებად, მაგრამ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს კოლეგებთან გვაქვს  კომუნიკაცია... აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მუდმივად ახორციელებს  სხვადასხვა ღონისძიებას და დიდი ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს... რამდენიმე წლის წინ აფხაზეთიდან მეხუთეკლასელი გოგონა გადმოვიდა და იცით, როგორი გაკვირვებული იყო, მოსწავლეები ქართულად რომ ჟღურტულებდნენ და ქართული სახელმძღვანელოები მერხებზე თამამად ეწყოთ?! მოგეხსენებათ, იქ ქართული სწავლება აკრძალულია, ოჯახები კი ცდილობენ, მშობლიური ენა როგორმე შეინარჩუნონ და ახერხებენ კიდეც ამას; ფაქტია - ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებს უმაღლესში ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ.

- დაბოლოს, ქალბატონო ნანა, როგორ გაამხნევებთ თქვენს მოსწავლეებს?

-  განათლებული, წარმატებასა და მიზანზე ორიენტირებული თაობა მოდის, რომელიც თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის ყველა სფეროში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენი პედაგოგები, ექიმებთან ერთად, მართლაც გმირები არიან, რადგან ცდილობენ, ბავშვებთან ხარისხიანი კომუნიკაცია დაამყარონ, სწავლების კუთხით და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203