„ამ გამოწვევას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით“ - დირექტორები წლევანდელ ბოლო ზარზე
07-05-2020

წელს საქართველოს სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი არ დაირეკება! - ესაა რეალობა, რომელთანაც, გვინდა თუ არა შეგუება მოგვიწევს. რთულია იმის გადმოცემა, რას გრძნობენ მოსწავლეები ასეთ დროს, როდესაც სკოლა ცხოვრების ახალ ეტაპზე სათანადოდ ვერ აცილებს, ან რას განიცდიან პედაგოგები, როდესაც მრავალწლიანი ტრადიციის დარღვევა უწევთ. სწორედ საკუთარ განცდებსა თუ გეგმებზე ესაუბრებიან Etaloni.ge- სკოლების დირექტორები და იმასაც გვიმხელენ, რომ შეეცდებიან, მეთორმეტეკლასელებს გული არ დაწყვიტონ.   

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე:

- ბოლო ზარი ცხოვრებაში ერთხელაა და რთულია, როდესაც ამ ტრადიციის დარღვევა გვიწევს. ორ ათეულ წელზე მეტია, სკოლის დირექტორი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა - ამ გამოწვევას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით, მაგრამ რა გაეწყობა - ვემორჩილებით კანონს, ბავშვებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ყველაფერს, თუმცა შესაძლოა ბოლო ზარი სიმბოლურად მაინც დავრეკოთ.

შმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლის დირექტორი დემურ ძნელაძე:

- ჯერჯერობით ჩამოყალიბებულნი არ ვართ, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, როგორ გავაცილოთ მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე. წარმოუდგენელია, ბავშვები ისე დავტოვოთ - მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ვეცდებით, ყველაფერი ისე მოვაწყოთ, არც კანონი დავარღვიოთ და არც მოსწავლეებს დავწყვიტოთ გული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ცერცვაძე:

 - რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, რაც ხდება. განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის იმის გაცნობიერება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ გააცილებს. რა დააშავა ამ თაობამ?! ზარს დავრეკავთ და ყველაფერს წესისამებრ გავაკეთებთ, ოღონდ რეკომენდაციების გათვალისწინებით. მე იურისტი ვარ და ნამდვილად არ დავარღვევთ კანონს. ამიხსენით, რა დააშავეს ამ ბავშვებმა?! ჰოდა, ჩვენ ტრადიციას არ ვუღალატებთ!

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:

- დიახ, ბოლო ზარი არ დაირეკება ჩვენ სკოლაში და არც არანაირი სიურპრიზის მოწყობას ვაპირებ, იცით, რატომ? - ამ სიურპრიზს მაინც თავშეყრა მოჰყვება! დისტანციურად, რა თქმა უნდა, მივულოცავთ, გზას დავულოცავთ, მაგრამ სკოლაში შეკრებასა  და ღონისძიების ჩატარებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ემოციურად კი, საშინელებაა, რაც ხდება და ცარიელი სკოლის დანახვაც აუტანელია.

ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქვარაია:

- ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია არსებულ რეალობასთან შეგუება. რადგანაც საგანგებო მდგომარეობაა და არ ვიცით, გარკვეულ პერიოდში, რა, როგორ იქნება, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუმცა, რაღაც იდეებს განვიხილავთ და ვაპირებთ, დისტანციურად მაინც მივულოცოთ სკოლის დამთავრება, რათა მათთვისაც დასამახსოვრებელი იყოს ეს დღე. ბოლო ზარი ხომ ცხოვრებაში ერთხელ ირეკება - აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს და გავულამაზებთ ამ დღეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი, კახაბერ შონია:

- პირველ ყოვლისა, რთულია, მონატრებას გავუმკლავდეთ. მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც ძალიან გვენატრება, ბოლო ზარზე კი აუცილებლად სიურპრიზს მოვუწყობთ ბავშვებს... ისე ხომ არ დავტოვებთ?! იცით, სკოლაში ხშირად მიწევს მისვლა, თითქმის ყოველდღე და სოფელიც და სკოლაც დაცარიელებულია. სამსართულიანი შენობა ცარიელია და ამას იოლად ვერ შეხედავს ადამიანი. ზარი კი არც გაგვითიშავს, სკოლის ზარი შენობის ცარიელ კედლებში მაინც რეკავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი, იური მრელაშვილი:

- რა გითხრათ, ჯერჯერობით, არ ვართ ჩამოყალიბებულნი, როგორ მოვიქცევით და არც კონკრეტული ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ფაქტია ამ ექსტრემალურ სიტუაციას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით და გამოცდილების გამზიარებელიც არავინაა. ასე რომ, რას, როგორ მოვახერხებთ, არ ვიცი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიხლაძე:

- სამწუხაროა, რომ ბოლო ზარი არ დაირეკება...  ბოლო ზარის ღონისძიებას პომპეზურად ვაწყობდით და ახლა ეს შეუძლებელია. გულისწყვეტის მიუხედავად, ვერაფერს შევცვლით, ბავშვებიც გაგებით მოეკიდნენ, რადგან ახლა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა მნიშვნელოვანი, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვნად მიმაჩნია.  

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორი, ვალენტინა ბაშლიკი:

- ძალიან მინდა, მეთორმეტეკლასელებს სიურპრიზი მოვუწყო, მაგრამ ჯერ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ისე კი, გული მწყდება, სათანადოდ რომ ვერ ვაცილებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე და ემოციურადაც რთულია, ამდენწლიანი ტრადიცია ირღვევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203