მაგიდების დაშორება 1,5-2 მეტრით და თერმოსკრინინგი გამოცდებზე - ცვლილებაზე განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობენ
24-05-2020

აბიტურიენეტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შესაძლოა გამოცდა სპეციალურად მოწყობილ კაბინებში ჩააბარონ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ახლა სისტემა დგას, ვენტილაციის საკითხია. ვინაიდან საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 - 2 მეტრით. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია.სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203