„სკოლის დირექტორი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და კანონის პატივისცემით მართავდეს სკოლას“ - N9 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გიგაური
08-05-2020

მოგესალმებით, ჩემო შვილებო“ - ასე ესალმებოდა ნოდარ ახალკაცის სახელობის N9 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა გიგაური თავის მოსწავლეებს ყოველ დილით მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა ფორსამჟორულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და სკოლებიც ონლაინ-რეჟიმზე გადავიდოდნენ. დღეს N9 სკოლა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სკოლები ცარიელია, სექტემბრამდე ვერც იქ აჟრიამულდებიან ბავშვები, თუმცა როგორც ქალბატონი მარინა Etaloni.ge-სთან აღნიშნავს, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალური ძალისხმევით უმკლავდებიან ყველა გამოწვევას და უკეთესი მომავლის იმედს არ კარგავენ.

- დისტანციური სწავლება მართლაც სიახლე აღმოჩნდა ყველასთვის და ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ - ძალიან კარგად ავუღეთ ალღო. ვიყენებთ ყველა რესურსს, ბავშვებიც ხალისით ჩაერთვნენ, მშობლებიც სიამოვნებით თანამშრომლობენ დამრიგებლებსა თუ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან... ყოველ მათგანთან მაქვს უწყვეტი კონტაქტი, ვადევნებ თვალს მათ მუშაობას და ბავშვებსაც ვამხნევებ, რომ ამასაც ღირსეულად გადავლახავთ! მთავარია, მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, იყვნენ გულწრფელები და იცით - ბავშვი, რომელიც ორიენტირებულია,  საკუთარი მომავალი შექმნას, ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხებს, მიიღოს სათანადო ცოდნა.

- ჩვეულ რეჟიმში როგორ მართავთ სკოლას, ქალბატონო მარინა, მკაცრი ხართ?

- ჩემი დირექტორი რკინის ლედი იყო, მე კი არ ვამართლებ ასეთ მიდგომას და მიმაჩნია, რომ სკოლაში უნდა იყოს მშვიდი სასწავლო გარემო; როცა ხედავენ, მშვიდად, კანონის ფარგლებში კეთდება საქმე, თუნდაც შენიშვნა, არის დელიკატური და მოზომილი, ყველა გრძნობს პასუხისმგებლობას. ბავშვებსაც სულ ვუმეორებ -  ერთადერთი, რასაც გთხოვთ, ესაა სწავლა, ზრდილობა, მომავალზე ფიქრი და აქ არაფერია ისეთი, რაც მათ უფლებებს შელახავდა. სკოლის დირექტორი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კანონის პატივისცემით მართავდეს სკოლას და ამას უნდა გრძნობდნენ მასწავლებლებიც, მოსწავლეებიცა და მშობლებიც. სწორედ ამ მშვიდი გარემოს დამსახურებით, ჩვენმა სკოლამ ბევრ წარმატებას მიაღწია.

- თქვენი ერთ-ერთ წარმატება ისაა, რომ სკოლა ნოდარ ახალკაცის სახელს ატარებს...

- რა თქმა უნდა... ასეთი ძვირფასი ადამიანების არდავიწყება ყველას ვალია. იცით, როგორ მოხდა? - ერთი წლის დანიშნული ვიყავი, ნაძალადევის რაიონის საკრებულოს დეპუტატი რომ დამიკავშირდა და გადმომცა განცხადება -  ჯამლეტ ხუხაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაცია და ვეტერანი ფეხბურთელები ითხოვდნენ სკოლისთვის ნოდარ ახალკაცის სახელის მინიჭებას, რადგან ეს სკოლა ნოდარმა დაამთავრა წარჩინებით - ოქროს მედალზე. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რომელიც დამეუფლა... მოგვიანებით, საკრებულოს სხდომაზე მიგვიწვიეს და იქვე გადაწყდა სახელის მინიჭების საკითხიც. თუმცა მანამდე, სკოლას ვეტერანი ფეხბურთელები ეწვივნენ, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მუხტი წამოვიდა ბავშვებისგან - სიხარულით გადაირივნენ, მთელი სკოლა ფეხზე დადგა... მაშინ მიხეილ ჩხენკელი იყო განათლების მინისტრი და 14 თებერვლს, ბრძანების საფუძველზე N9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. ჩვენ როგორც შეგვეძლო, პატივი მივაგეთ ნოდარ ახალკაცის სახელს, ბიბლიოთეკაში ფოტოგალერეა გაკეთდა და მოგვიანებით, ბიუსტიც დაიდგა სკოლაში, ვმეგობრობთ ფეხბურთელებთან, ვურთიერთობთ ამ ლეგენდარულ ხალხთან, რომლებიც ძალიან მიყვარს.

- პატარებმა, რომლებიც სკოლაში მოდიან, იციან, ვინ იყო ნოდარ ახალკაცი?

- თითქმის ყველამ იცის; გარდა ამისა, სკოლაში გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელებიც... ასევე, როგორც ვიცი,  აპირებენ, შეირჩეს ხეივანი, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელების ქანდაკებები განთავსდება და მჯერა, კიდევ ბევრ სასიკეთო მაგალითს ვაჩვენებთ მომავალ თაობებს.ჩემი მხრიდან კი, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პარლამენტარ  სოფიო კილაძესა და რაიონის გამგებელს ირაკლი ხუნდაძეს, რომლებიც  ყურადღებას არ გვაკლებენ და ჩვენი სკოლის მადლობა უდავოდ ეკუთვნით.

- ცოტა თქვენზე ვისაუბროთ, ქალბატონო მარინა, სკოლაში რუსულს ასწავლით, როგორ ახერხებთ, ენა შეაყვაროთ თქვენს მოსწავლეებს?

- თავიდან ბავშვებს რუსულის მიმართ ნეგატიური განწყობა ჰქონდათ, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლე, შევაყვარე და ისე ამყვნენ, თავადაც არ მჯეროდა; ინტერესი გაუჩნდათ და ისიც მითხრეს - არ გვიყვარდა რუსული და თქვენ შეგვაყვარეთო.  მთავარია, განწყობა - ძალიან მიყვარს ბავშვები, ისინი ჩემი სისუსტეა, ეს სიყვარული ჩემში ზის და როცა გიყვარს საქმე, მასში მთელ ემოციას და გულს დებ.   

- პროფესიის არჩევანიც ამ სიყვარულმა განაპირობა?

- იმ პერიოდში რუსულენოვანი იყო ყველაფერი, დოკუმენტაციაც კი... სიმართლე გითხრათ,   მინდოდა იურიდიული, მაგრამ რატომღაც, არ შემეწყო ხელი. დედ-მამა პედაგოგი იყო - ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, მეორე - ლექტორი... ამ ყველაფერმა განაპირობა პროფესიის არჩევანიც და ჩავაბარე რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

- მაშინ მასწავლებლობა პრესტიჟულიც იყო, არ მეთანხმებით?

- ამის თქმა მინდოდა სწორედ... მოგვიანებით, თითქოს გაუფასურდა, მაგრამ ბოლო წლებია, ნამდვილად ვგრძნობ, რომ შეიცვალა დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ და არც მადლიერების გამოთქმა მიჭირს -  ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა მასწავლებელი დაფასებულიყო და მადლობა ყველას, ვინც იმუშავა მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203