სკოლებში დისტანციური სწავლების მეთოდის დანერეგვამ, საგანმანათლებლო სივრცეში ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა. ახლა, როცა სასწავლო პროცესი სკოლებში შეწყვეტილია და განათლების მიღება მოსწავლეებს მხოლოდ დისტანციური საშუალებებით შეუძლიათ, საინტერესოა, როგორ გაგრძელდება დისტანციური მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესში, როცა ის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად გამოიყენებენ დისტანციური სწავლების მეთოდებს სკოლები სამომავლოდ და შეცვლის თუ არა ეს გამოცდილება მომავალ საგანმანათლებლო მიდგომებს. კითხვაზე საჯარო სკოლის დირექტორები გვპასუხობენ:
საჩხერის მუნიციპალიტეტის ლიჩის საჯარო სკოლის დირექტორი ოლეგ შუბითიძე:
„ონლაინ სწავლების გამოყენება ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა, მე, როგორც მაღალმთიანი სკოლის დირექტორი გეტყვით, რომ ჩვენთან ცოტა რთულად არის საქმე. მოსწავლეებს არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისი ტექნიკა. ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის და უჭირთ ინტერნეტ პაკეტების შეძენა, შესაბამისად, ახლაც კი ჩვენ ძირითადად სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ვახორციელებთ დისტანციურ სწავლებას".
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ეფენდიევი:
„თუ იძულებულები ვიქნებით გამოვიყენებთ, ახლა ნორმალურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, თუმცა ვფიქრობ, ჯობს გაკვეთილები სკოლაში ტარდებოდეს“.
ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოძვის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ნოზაძე:
„რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული დისტანციური სწავლების მეთოდი. ბავშვებიც მიეჩვივნენ ასეთი სახით მასწავლებელთან ურთიერთობას. მაგალითად, თუ ბავშვმა ვერ გაიგო დავალება, ის უფრო თავისუფლად დაურეკავს, მისწერს მასწავლებლებს და კითხავს, რაც აინტერესებს“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი დიასამიძე:
„დიახ გამოიყენებენ, თუ ინტერნეტი იქნება ხარისხიანი. დღეს მიღებული პრაქტიკა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც უფრო მეტად დაეხმარებათ, რომ მომავალში ონლაინ სწავლების ესა თუ ის მეთოდი გამოიყენონ“.
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ღვინჯილია:
„თუ გამოსავალი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუერთდებით ისევ ამ ინიციატივას. ჩვეულ პერიოდში, როცა სასწავლო პროცესი აღდგენა ონლაინ სწავლებას საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ“.
სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის საჯარო სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა:
„როგორ გითხრათ, ეს არის გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას. ინტერნეტი არ არის, ორიოდე ოჯახს აქვს შემოყვანილი, შესაბამისად რთული იქნება ამ ტემპით გაგრძელება მომავალში“.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კოჭლამაზაშვილი:
„რა თქმა უნდა, გამოცდილება დაგვიგროვდა და აქტიურად ვართ ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში. მართალია ყველა იმ პროგრამაში ვერ ჩავერთეთ, რაც განათლების სამინისტრომ დაგვავალა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ აქტიურად ვყოფილიყავით. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ონლაინ სწავლებას თუკი ამის საჭიროება იქნება“.
როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე:„რა თქმა უნდა გამოცდილება დაგვიგროვდა და აქტიურად ვართ ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში. სამომავლოდაც თუ რაიმე პრობლემა იქნება, ისევ შევძლებთ მსგავსი მეთოდით სწავლას“.
სენაკის მუნიციპალიტეტის ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერი შონია:
„დიახ, ვფიქრობ ეს გამოცდილება ნამდვილად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ონლაინ სწავლება მომავალშიც უფრო აქტიურად გამოვიყენოთ. ამ მეთოდით მოსწავლეები უფრო მეტად შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას“.