„მუდმივი კომუნიკაციით და ერთმანეთის გამხნევებით ღირსეულად გავუმკლავდით ყველა გამოწვევას“ - თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა
13-05-2020

მეთერთმეტეკლასელებს მათემატიკას ასწავლის და ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს - პედაგოგობა ჩემი მოწოდება იყოო, გამიმხილა და Etaloni.ge- იმაზეც ესაუბრა, როგორ დაძლია თბილისის N89 საჯარო  სკოლამ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ზოგადად ქართული საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა.

საქმისადმი ერთგულება, ურთიერთთანამშრომლობა და სხვისი წარმატებით გახარების უნარი - ასე ახასიათებს N89 საჯარო სკოლის დირექტორი, მიმოზა ტყებუჩავა ერთმუშტად შეკრულ გუნდს, რომელიც შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებაში, ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი ცოდნა მისცეს.

- მართალია, გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ მალევე შევქმენით დახურული ჯგუფები. ძალიან დამეხმარა მოადგილე, თამარ ფიროსმანაშვილი და ცალკე ჯგუფი შეიქმნა მასწავლებლისთვის... სწორედ მუდმივი კომუნიკაციით, ერთმანეთის გამხნევებით, რომ ყველაფერი დაძლევადია - შევძელით, ღირსეულად გავმკლავებოდით ყველა გამოწვევას.უნდა ვაღიარო -  სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებთან მოუწევდათ ურთიერთობა, მაგრამ არ დავნებდით, ჯერ სოციალურ ქსელებს ვიყენებდით, შემდეგ ჩავერთეთ „თიმსში“ და კიდევ ერთი დადებითი, რაც დისტანციურ სწავლებას მოყვა, იყო მეტად გაღრმავებული თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის. ამხნევებდნენ ერთმანეთს, ეხმარებოდნენ, მხარში ედგნენ და ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში ავითვისეთ ყველა პლატფორმა. ამან სტიმულიც აღძრა პედაგოგებში და რაც მთავარია, ჩვენ, დირექცია, ამ პროცესის უშუალო მონაწილეები ვიყავით.

მოსწავლეებს რაც შეეხება - ელოდნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო სწავლა, ვინც რაიონში იყო, სატელეფონო კავშირი გვქონდა და წარმოიდგინეთ, მოსწავლე, რომელიც ეპიდემიამდე საფრანგეთში გამეგზავნა წვრთნებზე, ისიც კი ყველ გაკვეთილში გვერთვებოდა.

- ქალბატონო მიმოზა, გასაგებია, რომ სკოლა ყველა საჭირო რესურსსა თუ პლატფორმას იყენებს, მაგრამ საინტერესო ისაა, რამდენად ხარისხიან ცოდნას ვაძლევთ მოსწავლეებს და როგორ ხდება ამის შემოწმება?

- ბავშვები შესრულებულ დავალებებს უგზავნიან პედაგოგებს და შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ მათ მეტი მუშაობა მოუწიათ - ბავშვი დავალებას რომ გიგზავნის, თუ არ შესწორდა და უკუკავშირი არ დამყარდა, ძალიან ცუდი იქნება.

ხარისხს რაც შეეხება - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს გარკვეულ დონეზე ვაღწევთ. უმაღლესი ხარისხით რომ ვერ მოხდება ეს, ბუნებრივია, თუმცა, მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტებს, კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ და ჩვენც მაქსიმალურად ვამოწმებთ მათ ცოდნას.

- მითხარით, შექმნილმა ვითარებამ უფრო გააღრმავა თანამშრომლობა მასწავლებლებს შორისო. ალბათ ეს არ მოხდებოდა, რომ არა მანამდე არსებული ფონი...

- რა თქმა, უნდა... არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, რომელსაც ახასიათებს თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარში დგომა. უხარიათ სხვისი წარმატება და შექმნილმა ვითარებამ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

- ეს თქვენი დამსახურებაა, ქალბატონო მიმოზა?

- ... ჩვენ ვართ ერთი გუნდი! სხვათა შორის, დისტანციური მართვის პროცესში, ვიფიქრეთ, როგორ გვქონოდა მუდმივი კომუნიკაცია და კათედრების მიხედვით შევქმენით ჯგუფები; შევარჩიეთ მათთვის მისაღები საათები და იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს ონლაინ-შეხვედრები, რომ მეტი სტიმული მოგვეცა, ალბათ, სკოლაში დაბრუნების შემდეგაც ასე გავაგრძელებთ.

- თქვენმა სკოლამ ისეთ წარმატებებს მიაღწია დისტანციურ სწავლებაში, მგონი, სკოლაში დაბრუნება აღარ გინდათ.

- ძალიან გვენატრება ბავშვები, სკოლა, თუმცა მომწონს, ის რომ ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ დიდი გამოცდილება მივიღეთ და პედაგოგები იმასაც ამბობენ, შესაძლოა სამომავლოდაც ბავშვებს დავალებები „თიმსში“ ავატვირთვინოთ, რადგან ასე თითოეული მათგანის შემოწმების საშუალება გვაქვსო.

- როგორც ვიცი, მაღალ კლასებს მათემატიკას ასწავლით, მათთან დირექტორი ხართ თუ პედაგოგი?

- მენტორ-მასწავლებელი ვარ და პედაგოგობა ჩემი მოწოდება იყო ბავშვობიდან. ეს ჩემს მუშაობას სკოლაში, მრავალფეროვანს ხდის და ბავშვებთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა. მათთან ვარ მასწავლებელი, მეგობარი... საკლასო ოთხში შესვლისთანავე, დირექტორობა იხსნება და გვაქვს ლაღი, თბილი ურთიერთობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203