„მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ის დიდი შრომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა გმირობას რადგან ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი - 15 ივნისს. „ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისის თვეში“,-აღნიშნა პრემიერმა.