წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე
15-05-2020

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება განისაზღვრა - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ:

მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა

მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული

იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთე კლასელების წლიური ქულა

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

იხილეთ ასევე: მე-12 კლასელს თუ არ დააკმაყოფილებს მიღებული წლიური ქულა, ამაღლების საშუალება ექნება - როგორ მოხდება შეფასება?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203