ფინალურ გამოცდებს სტუდენტები შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო ეტაპზე ჩააბარებენ - რას სთავაზობს სამინისტრო სწავლის გადასახადზე?
15-05-2020

ფინალური გამოცდები ძირითადად ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე უნივერსიტეტების მიერ
შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურებს, ამას უნივერსიტეტებმა უკვე წარმატებით გაართვეს თავი სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია სადიპლომო ნაშრომების საკითხი, რომელთა შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

უახლოეს მომავალში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ ეტაპობრივად როგორ განვაახლოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ეს პროცესიც ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დაცვით წარიმართება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი განმარტებით, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და შეეთავაზებინათ გადახდის მოქნილი გრაფიკი.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის საფასურის საკითხი უმაღლეს განათლებაში. მინდა გითხრათ, რომ პირველივე რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია და ყველა უნივერსიტეტს სამინისტროს მხრიდან, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს ან შესთავაზა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი ამ სემესტრისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და უნივერსიტეტებმა ეს გააკეთეს. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, პროგრამების და სტიპენდიების დაფინანსებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203