წლების წინ, როდესაც სამყაროს, სიცოცხლის და ადამიანის არსის შესახებ კითხვებს სვამდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორი გახდებოდა. გასცა თუ არა ცხოვრების მთავარ კითხვას პასუხი, მის გარდა, არავინ იცის, თუმცა როგორ Etaloni.ge-სთან თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე ამბობს, მთავარია, ქვეყანას კარგ მოქალაქეებს უზრდის. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდიო,- გამიმხილა და დისტანციურ სწავლებაზე, სკოლის როლსა და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზეც მესაუბრა.
- პანდემიამ ყველა, მათ შორის ჩვენც, ისეთი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რასაც არ ველოდით. გულში მაინც მქონდა იმედი, რომ სემესტრის ბოლოს, ერთი თვით მაინც დავბრუნდებოდით, მაგრამ რადგან მოცემულობა გვაქვს, რომ სასწავლო წელი დისტანციურად უნდა დავასრულოთ, ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც გაიზარდა. პირველი ტალღა, ასე თუ ისე, რთული იყო, რადგან დისტანციური სწავლების სერიოზული გამოცდილება არავის გვქონდა; დასამალი არაფერია - პედაგოგების ნაწილს უნარ-ჩვევების სირთულეებიც აქვს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობის; გარდა ამისა, ბავშვებთან, მათ ოჯახებთან მიმართებაში გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს და უპირველეს ყოვლისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავით კატეგორიულები, არ გვქონოდა იმპერატიული ტონი, იმიტომ, რომ არავინ იცის, ჩვენი მოსწავლეების ოჯახებში რა ტიპის ეკონომიკური თუ სოციალური სირთულეებია... ყველა გზა უნდა მოგვეძებნა, ორიენტირებულები ვყოფილიყავით გამხნევებაზე, მხარდაჭერაზე და ასე ჩაგვერთო ბავშვები დისტანციური სწავლების პროცესში, სადაც ლომის წილი მასწავლებლებსა და დამრიგებლებზე მოდიოდა.
სკოლის ადმინისტრაციაც სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით - ადმინისტრირება დისტანციურ რეჟიმში უნდა მოგვეხდინა, მუდმივად უნდა გვქონოდა ინფორმაცია, მიგვეწოდებინა მასალები და დავხმარებოდით როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს... პლატფორმა, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა, ძალიან მოქნილი და კარგია, თუმცა ათვისებასაც დრო სჭირდებოდა, იყო ტექნიკური გამოწვევებიც და მინდა, აღვნიშნო ჩვენი საინფორმაციო მენეჯერის, ია ჯერანაშვილის კოლოსალური შრომა, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო და დღეს არც ერთი მოსწავლე არაა რეგისტრაციის მიღმა; მოსწავლეებთან კი, ვინც ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხებს ჩართვას, სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ვინც თავდაუზოგავი შრომით, ახერხებს საქართველოს განათლების სისტემის ღირსების დაცვას. ჩვენი სკოლის პედაგოგებმა კი, კიდევ ერთხელ დამარწმუნეს საკუთარ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებაში. შორს ვარ აზრისგან, რომ ყველაფერი კარგადაა და დისტანციური სწავლების პროცესი სრულფასოვნად ანაცვლებს სწავლა-სწავლების ტრადიციულ ფორმას, მაგრამ ერთად ყველაფერი გამოგვივა.
- გამოწვევები რომ ღირსეულად დაძლია თქვენმა გუნდმა, ეს ხელმძღვანელის დამსახურებაა, არ მეთანხმებით?
- ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში იცნობა, თორემ გაშლილ სუფრასთან ყველანი ყოჩაღები ვართ... ეს არის კომპლექსური საკითხი - მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზაციული კულტურა, პასუხისმგებლობის ხარისხი, მენეჯმენტის როლი... ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე თანამშრომლობითი კულტურა და ნდობის მაღალი ხარისხია.
- იყო პერიოდი, როცა სკოლის დირექტორს მხოლოდ კარგი მენეჯერობა ევალებოდა.
- მახსოვს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ხდებოდნენ სკოლის დირექტორი... სკოლის დირექტორი კარგი მენეჯერიც უნდა იყოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს კარგი ლიდერი და კარგი ლიდერი რომ გახდეს, ამისთვის, პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს - იცოდეს კლასში, საგაკვეთილო პროცესის გემო; სხვა შემთხვევაში ვერასოდეს გაუგებს მასწავლებელს, კონკრეტულ სიტუაციაში რა პრობლემა აქვს. თუ მხოლოდ კაბინეტიდან ვხედავ, სადღაც არ არის წესრიგი და ისე ვითხოვ მასწავლებლისგან მოგვარებას, რომ არ ვიცი, ამის უკან რა შრომაა, ვერც ობიექტური ვიქნები და ვერც სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. ამიტომ, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, პედაგოგიური გამოცდილებით.
- პროფესიის არჩევანიც თქვენში ამ თვისებებმა განაპირობა, ბატონო გელა?
- პროფესიით ფილოსოფოსი ვარ... სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა, კითხვა მიყვარდა და მამძიმებდა პასუხისმგებლობის გრძნობა... მოზარდობისას მაწუხებდა კითხვები ადამიანის არსის, სამყაროს, სიცოცხლის შესახებ...
- მოზარდისთვის შეუფერებელი კითხვები...
- არა, პირიქით... თუმცა სამწუხაროდ, მაშინდელი ზოგადი განათლების სისტემა სრულიად არ იყო მზად მოზარდისთვის ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში დახმარებოდა. დღესაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მეტად მოქნილია სისტემა, მეტი თავისუფლებაა და მასწავლებელთანაც ბევრ საკითხზე შეიძლება საუბარი. ასეთ კითხვებზე პასუხის ძიების შიმშილით დავასრულე სკოლა და უნივერსიტეტში დავიწყე ფილოსოფიის შესწავლა.
- იქ თუ გაეცა პასუხი თქვენს კითხვებს?
- საქართველოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობის, კვლევის, სწავლის შედეგად, აღმოვაჩინე, ყოველი ადამიანი, გარკვეულწილად, ფილოსოფოსია, რომელსაც კონკრეტული გზა აქვს და სწორედ ამ გზის ძიებაში გადის ცხოვრება.
სკოლაში სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და ძალიან მეხმარება ჩემი პროფესია; ვცდილობ, მოსწავლეებს ისეთი ინფორმაცია მივცე, რომელიც დაეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. გულწრფელად ვამბობ - ჩემი ქვეყნისთვის იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ, ვიდრე ასობით მოზარდის კარგ მოქალაქედ და კარგად ადამიანად ჩამოყალიბებაში აქტიური მხარდაჭერაა. რამდენად კარგად გამომივა, სხვა საკითხია, მაგრამ საკუთარი თავის ძიება და სხვების მხარდაჭერა ყოფილა ჩემი ცხოვრების არსი. ისე, ჩემმა არჩევანმა ოჯახის წევრები ცოტა შეაცბუნა...
- რატომ?
- მეკითხებოდნენ - ისწავლი, მაგრამ მერე ვინ იქნებიო... 90-იან წლებში ფილოსოფიისთვის ვის ეცალა, უამრავი სოციალური პრობლემა იყო და არაპრაგმატულად ჩანდა ჩემი გადაწყვეტილება. თუმცა, მიხარია, ოჯახს არ გაუწევია წინააღმდეგობა და მეც მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე; ის გამოცდილება, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრებამ მომცა, მიადვილებს საქმეს, რომელსაც ვემსახურები და ამ საქმის კეთება ჩემთვის უდიდესი პატივია.
- დიდი ფილოსოფიის გზაზე შემდგარი, წარმოიდგენდით, რომ დირექტორი გახდებოდით?
- დირექტორობა არც მიფიქრია, მაგრამ მასწავლებლობა მომხიბვლელი იყო ჩემთვის. როდესაც შეგიძლია, გამოცდილება, ცოდნა გაუზიარო სხვას, ეს დიდი სიამოვნებაა და ამ სიამოვნების ხელიდან გაშვება არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ ერთხელ ცხოვრობ და ამ გზას მეორედ ვეღარ გაივლი.
- 90-იანები ახსენეთ, როდესაც მასწავლებლის პროფესია ერთგვარად გაუფასურდა.
- ნამდვილად ასე იყო - პედაგოგები ურთულეს პირობებში განაგრძობდნენ მუშაობას და ეს გახლდათ გამოცდა პროფესიაში მყოფი ადამიანებისთვის. მაშინ არც არავინ ფიქრობდა მასწვალებლობაზე, პრესტიჟული იყო იურისტობა, ჟურნალისტობა... მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ისე შეტრიალდა, ნელ-ნელა მასწავლებლი დაფასდა და ასეც გაგრძელდება, უბრალოდ, პედაგოგებიც უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე - მოსწავლეები კი არ უნდა მოირგონ თავს, თვითონ უნდა მოერგნენ მოსწავლეების მოთხოვნილებებს, უნარებს, შესაძლებლობებს.
- და რა მოთხოვნები აქვთ მოზარდებს, ბატონო გელა?
- გადასარევი ბავშვები მოდიან- მოსწავლეების მესამედი არის კარგი ლოკომოტივი, მეორე მესამედს მხარდაჭერა სჭირდება და ისინიც აქტიურ ფორმაში ჩადგებიან, მესამე ნაწილი კი სხვადასხვა მიზეზის გამო შეფერხებულიადა ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა სკოლისთვის - თანაბარი პირობები უნდა შევუქმნათ განვითარებისთვის; თუ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, მივცემთ თავისუფლებას და აქ არ ვგულისხმობ ყველაფრის კეთების უფლებას, ვასწავლით ფიქრს საკუთარ თავზე, გავუვღვივებთ ემპათიის განცდას, ყველაფერი უფრო კარგად იქნება. ამ მოზარდებს შეუძლიათ როგოც საკუთარი, ისე სხვისი ღირსების დაცვა და სამოქალაქო ცნობიერება სხვა არაფერია. ასეთი ბევრი ადამიანი სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ნუ გავუწყრებით ბავშვებს იმისთვის, რომ უნდათ ღირსების დაცვა.