„დისტანციური სწავლება შესაძლებელია ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში“ - ეკატერინე დგებუაძე პედაგოგებს მადლობას უხდის
16-05-2020
დისტანციური სწავლება იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას არაფერი შეცვლის, თუმცა შესაძლებელია ეს ფორმაც ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დისტანციური სწავლების ფორმატი გამოწვევა იყო, რომელსაც სისტემამ წარმატებით ჩააბარა - „პედაგოგები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენი მხრიდან მადლიერებას, რადგან ის უნარები რაც აქამდე არ ქონდათ, გამოავლინეს“ - ამბობს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ ტექნოლოგიურ უნარებთან გამკლავება მარტივი არ ყოფილა.
„რეალურად, ეს იყო გამოწვევა, რადგან სისტემას ამის გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, რეფორმების პროცესში ვართ, ახალი სკოლის მოდელისგან, რომელსაც განათლების სამინისტრო ავითარებს, გვქონდა კარგი გამოცდილება, რომ სამინისტრომ წინასწარ შეიძინა ლიცენზია Microsoft Teams-ის, რომელიც ვირტუალური კლასის ორგანიზების საშუალებას იძლევა. ძალიან სწარფ რეჟიმში მოგვიწია ყველა მასწავლებლისა და მოსწავლეების დარეგისტრირება. ძალიან მოკლე ვადაში ყველა მასწვლებელს ჰქონდა ვირტუალური კლასი, სადაც ინტეგრირებულები არიან თავისი კლასის მოსწავლეები. შესაბამისად, ეს სირთულე მეტ-ნაკლებად გადავლახეთ და ონლაინ რეჟიმში წარმატებულად დაიწყო. თუმცა იყო გამოწვევები, გამოწვევა იყო ის, რომ მასწავლებლების უნარები ტექნოლოგების გამოყენების არ იყო კარგი, მაგრამ მათ ძალიან ბევრი იშრომეს, ბევრი გააკეთეს და მადლობას ვუხდი მათ. ნამდვილად იმსახურებენ ისინი ჩვენი მხრიდან მადლიერებას, რადგან ის უნარები, რაც აქამდე არ ქონდათ, გამოავლინეს. ეს კი მარტივი არ იყო. ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგა - მასწავლებელი ჩაერთო, სკოლისთვის კარგი გამოცდილებაა. დისტანციური სწავლება იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას არაფერი შეცვლის, თუმცა შესაძლებელია ეს ფორმაც ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში. ძალიან კარგი მაგალითები გვაჩვენა ამის“ - აცხადებს ეკატერინე დგებუაძე „იმედის“ ეთერში.