დისტანციურ სასწავლო პროცესში დახარჯული ენერგიისთვის და შრომისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა არაერთხელ გადაუხადა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სასწავლო წელი შედგა. საინტერესოა ონლაინ გაკვეთილების თავისებურებები არაქართულენოვან სკოლებში.
etaloni.ge დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება არაქართულენოვან სკოლებში, როგორ გამოიყენებენ მიღებულ გამოცდილებას ახალი სასწავლო წლიდან და ასწავლიან თუ არა მოსწავლეებს ინტეგრირებულად - სკოლის კედლებსა და ონლაინ სივრცეში ერთდროულად?
გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს:
მარნეულის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად გიორგაძე:
„ჩემს გაკვეთილებს შესანიშნავად ვატარებ „თიმსში“. ჩემი დრო მაქვს, საათები და ბავშვებიც შემოდიან. ბრწყინვალედ ტარდება გაკვეთილები. დავალებებსაც ვამზადებთ. მე ვისაც ვუკავშირდები, ჩემს თანამშრომლებს, მათ არანაირი სირთულე არ შეხვედრიათ ჯერჯერობით. არც ინტერნეტის პრობლემაა. დისტანციური სასწავლო პროცესი ჩვენთან მიმდინარეობს შეუფერხებლად“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს საჯარო სკოლის პედაგოგი მედეა ხაჩიძე:
„მე ვასწავლი ქართულს, როგორც მეორე ენას, კლასში სადაც 18-20 ბავშვი ირიცხება. ბავშვების უმრავლესობას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. შეიძლება ჰქონდეთ ტელეფონი, მაგრამ ისე რომ ხანგრძლივად, ერთი საათით დასხდნენ და გაკვეთილზე ჩაერთონ, ასეთი საშუალება არ აქვთ. უმრავლესობას არ აქვს ლეპტოპი, არც ტელეფონი, არც ოჯახს აქვს ამის საშუალება და ეს თავისთავად, დიდ სირთულეს გვიქმნის. მთავარი პრობლემა ეს არის. გაკვეთილი არასდროს გამიცდენია, ყოველთვის ვატარებ, მაგრამ შემოდის ბავშვების მესამედი. ვინც არიან ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში, მთელი სერიოზულობით ეკიდებიან, ასრულებენ დავალებებს, მიგზავნიან, არიან აქტიურები, მონდომებულები. თუ ორი წუთით დამაგვიანდა, მირეკავენ, მასწავლებელო გაკვეთილი ხომ გვექნებაო. თუ ბავშვი არის ჩართული და შემოდის, ის აქტიურიც არის, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინდა, ერთეულებთან ვიმუშაოთ?! ჩვენ გვინდა მთლიან კლასთან მუშაობა, მაგრამ ეს არ გამოდის“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზემო სარალის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია გოგიაშვილი:
„ძალიან ბევრი პრობლემაა. ერთი, რომ მოსწავლეები შემოდიან მობილურებით და რასაც ეკრანზე ვაჩვენებთ, ვერ ხედავენ. რაც გვინდა რომ მივაწოდოთ ბავშვებს, ვერ ვაწვდით, იმიტომ რომ მობილურს არ აქვს ის ფუნქცია, რაც კომპიუტერს. მეორე სირთულე ისაა, რომ ნაწილს არ აქვს ინტერნეტი. გაკვეთილზე არიან, მაგრამ რომ გგონია, ჩართულია ბავშვი, სინამდვილეში ვერ ხედავ ის მართლა არის ჩართული თუ არა. მე ზეპირად ვეკითხები, თუმცა თუ მინდა, რომ წერითი დავალება მივცე, ვტვირთავ ამ წერით დავალებებს და ერთი ბავშვი თუ გამომიგზავნის კლასიდან, მეტი ვერა. გამართულად არ იციან პროგრამები. არის კიდევ ერთი პრობლემა, ინტერნეტიც აქვთ, კომპიუტერიც, მაგრამ დამოკიდებულებაა არასერიოზული ამ პროცესის მიმართ. ფიქრობენ, რომ მაინც ჩაეთვლებათ ეს სასწავლო წელი.
მე ქართულს ვასწავლი და ახლა შემოდის კლასიდან 5-6 ბავშვი, სინამდვილეში 21-22 ბავშვია კლასში. მე რომ 5-6 ბავშვისთვის ვატარებ გაკვეთილებს შემდეგ დანარჩენებისთვის რა უნდა გავაკეთო, როდესაც სკოლაში დავბრუნდები? გაკვეთილები მერე ამ 5-6 ბავშვისთვის იქნება უინტერესო. უნდა მოვიფიქრო რაღაც ისეთი, რომ ყველას დააინტერესოს და ეს კი იმხელა შრომასთან არის დაკავშირებული... კი, შემიძლია ჩავატარო ასეთი გაკვეთილი, მაგრამ ყოველდღიურად ძალიან გამიჭირდება ასე დიფერენცირებულად რომ ვასწავლო როდესაც სკოლაში დავრუნდებით. არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ. ასეთი მოსწავლეების აღრიცხვა ხდება, მაგრამ მერე რა?! შედეგი არაა. კლასში 70 %-ს ხომ არ ჩატოვებ?!
სასწავლო პროცესი მარტო ის ხომ არ არის, რომ ბავშვებმა მეცნიერული ცოდნა შეიძინონ? მითუმეტეს პირველკლასელებისთვის. პირველ კლასში ბავშვმა უნდა აითვისოს კლასში ჯდომის წესები, ერთმანეთთან და მასწავლებელთან ურთიერთობის წესები, საშინაო დავალების შესრულების წესი, ეს ყველაფერი მათ მეორე კლასში არ ეცოდინებათ. მე დაწყებითსაც ვასწავლი და მაღალ კლასებსაც. პირადად გავუკეთე ყველას ელექტრონული ფოსტა, სათითაოდ დავურეკე, ჩავაწერინე პაროლებიც და ვთხოვე, რომ შემოსულიყვნენ გაკვეთილზე, თუმცა მაინც ვერ შემოდიან. დისტანცია რომ არის, შორს რომ არიან, მოსწავლეებზე გავლენას ვეღარ ვახდენ. შრომა არის გაათმაგებული. მთელი დღე ვცდილობ, რესურსები ვაკეთო, რომ ბავშვებისთვის გასაგები იყოს და თან მოსაწყენი არ იყოს გაკვეთილი.
დადებითიც ძალიან ბევრია დისტანციურ სასწავლო პროცესში, იმიტომ რომ თუ აქამდე ვცდილობდი, ბავშვები კომპიუტერთან მიმეყვანა, არავინ აკეთებდა ამას, სახლში არავინ იძიებდა მასალას. ახლა მაქვს საშუალება, მივაწოდო ინტერნეტრესურსები და 2-3 დაინტერესებული ბავშვი მაინც ნახულობს. დადებითი ისაა, რომ მოსწავლეები ინტერნეტს გაუშინაურდნენ. ვფიქრობ, დისტანციური სწავლება უნდა იყოს სწავლების ალტერნატიული გზა. ტექნოლოგიების საუკუნეა და რამენაირად უნდა მივიდეს საზოგადოება ინტერნეტთან და კომპიუტერთან. თუ არ ვაღიარებთ პრობლემას, ვერც გამოვასწორებთ. ასეთი შემთხვევა შემდეგაც შეიძლება იყოს და სახელმწიფომ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ კომპიუტერები და ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიაგეორარხის საჯარო სკოლის პედაგოგი თეიმურაზ შალამბერიძე:
„პრობლემაა მოსწავლეთა ჩართულობა. ყველას არ აქვს მობილური ტელეფონები, მითუმეტეს ლეპტოპები. მშობელი თუ სახლში არ არის, დიდი ნაწილი გამოთიშულები არიან სასწავლო პროცესს. ვინც სკოლაში სასწავლო პროცესის დროს სწავლობდა, ისევ ის მოსწავლეები სწავლობენ. არ არის საკმარისი ციფრული განათლება. „თიმსში“ მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს და მასწავლებლებს ატრენინგებენ ამაზე, მაგრამ საჭიროა მოსწავლეების და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლების დატრენინგებაც, რათა მომავალში დისტანციური სწავლება სრულყოფილი და ხარისხიანი იყოს. ორმხრივი მზაობა არის საჭირო. ამას გარდა, აუცილებელია კომპიუტერების ქონა.
ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახში, სადაც რამდენიმე მოსწავლეა, თუ ერთი ერთვება სასწავლო პროცესში, მეორე ვერ შედის ონლაინ გაკვეთილზე, სხვებისგანაც გამიგია. რეალურად ასეა, ყველას არ აქვს საშუალება, კომპიუტერი ჰქონდეს.
ტექნოლოგიურად მოუმზადებლები არიან სკოლები, ერთეული სკოლები არ ქმნიან საერთო სურათს. ეს სიახლეა, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, როდესაც გაგვიჭირდა. ასე დისტანციურად კონტაქტი ჩვენ არ გვქონდა, შეიძლება რაიმე პროექტორით გვეჩვენებინა, კომპიუტერი გამოგვეყენებინა და პროექტები გაეკეთებინათ, მაგრამ გაკვეთილები არ ჩაგვიტარებია და არც მოსწავლეებს მოუმზადებიათ ასე საშინაო დავალებები. სიახლეა და მუშაობა სჭირდება, რომ დისტანციური სწავლება შედეგიანი იყოს. ცუდი არ არის, აუცილებელია, კარგია, თუმცა ყველაფერს ვერ ჩაანაცვლებს. შეიძლება გაკეთდეს წრეები, პროექტები და მაგალითად, თუ მასწავლებელი შეუძლოდაა, შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გაკვეთილები ასეც ჩაატაროს ან აანაზღაუროს“.