საქართველოს მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონე პერუს მაჩვენებლისგან თითქმის არ განსხვავდება - PISA-ს კვლევის შედეგები
24-05-2020

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ფარგლებში მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების შეფასება ჩატარდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსწავლეთა საშუალო მიღწევა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პერუს მიღწევის საშუალო მაჩვენებლისგან.

PISA-ს ფარგლებში ფინანსური წიგნიერების სფეროში შეფასება მესამედ ჩატარდა და მასში 20 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო ფინანსური წიგნიერების შეფასებაში პირველად ჩაერთო. საველე სამუშაოები 2018 წლის აპრილ-მაისში დაიწყო. კვლევაში 4 321 მოსწავლე იყო ჩართული. შედეგების მიხედვით მოსწავლეთა ნახევარი (50.2%) მიღწევის მე-2 დონეზე ან მის ზემოთ მოექცა, ხოლო დანარჩენი (49.8%) მიღწევის მე-2 დონის ქვემოთ. მხოლოდ მოსწავლეთა 0.7%-მა შეძლო მე-5, უმაღლესი დონის დაძლევა.

PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად PISA-ს შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად. ფინანსურ წიგნიერებაში შეფასების 5 დონეა. მე-2 დონე განიხილება, როგორც საბაზისო დონე, რომლის მიღმა მყოფ მოსწავლეებს, როგორც წესი, ესაჭიროებათ გარკვეული დახმარება.

ფინანსური წიგნიერება განმარტებულია, როგორც მოსწავლის მიერ „ფინანსური ცნებებისა და რისკების ცოდნა და გაგება და მისი ის უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები (მოტივაცია, საკუთარი თავის რწმენა), რომლებიც საშუალებას აძლევს მას გამოიყენოს ეს ცოდნა სხვადასხვა ფინანსურ კონტექსტში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.“

ფინანსური წიგნიერების სფეროში მოსწავლეთა კომპეტენციები (ცოდნა, გაგება, გამოყენება და დამოკიდებულები) ფასდება შემდეგ ოთხ კომპონენტში:

ფული და გარიგებები - ამ კომპონენტში ფასდება მოსწავლის უნარი, თუ რამდენად შეუძლია მას ფულის ხარჯვის ტრადიციული და ციფრული ფორმების გამოყენება ისეთი მარტივი ფულადი გარიგებების განსახორციელებლად, როგორებიცაა, მაგალითად: ონლაინ გადახდა, ხარჯვა, ფულის მნიშვნელობა, საბანკო ბარათები, ჩეკები, საბანკო ანგარიშები და ვალუტები.

ფინანსების დაგეგმვა და მართვა - ამ კომპონენტში ფასდება შემდეგი უნარები: შემოსავლის/ქონების დაგეგმვა და მართვა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით, კერძოდ, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოსავლისა და გასავლის მონიტორინგი და სხვა ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება.

რისკი და სარგებელი - ამ კომპონენტში ფასდება, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს რისკების დადგენა და მართვა, ასევე ისეთი ფინანსური მოგების ან ზარალის გააზრება, როგორებიცაა: საკრედიტო  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებელი, პროცენტი და სხვ.

ფინანსური მდგომარეობა - ამ კომპონენტში ფასდება მსოფლიოში ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოსწავლის ცოდნა და გაგება იმისა, თუ რამდენად იცის მოსწავლემ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა ფინანსურ ბაზარზე, აგრეთვე, რამდენად კარგად ესმის მას ეკონომიკური ცვლილებებისა და საჯარო პოლიტიკის გავლენის მნიშვნელობა ფინანსურ სარგებელზე, ინფლაციაზე, საშემოსავლო გადასახადზე და სხვ.


მოსწავლეთა საშუალო 403 ქულით საქართველო 20 მონაწილე ქვეყნიდან იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 13 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (505 ქულა). მონაწილე ქვეყნების მიხედვით, საქართველოს რეიტინგულად მე-19 ადგილზეა (შედეგების ცდომილების გათვალისწინებით). ამასთან, საქართველოს მოსწავლეთა საშუალო მიღწევა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჩილეს მიღწევის საშუალო მაჩვენებლისაგან და მხოლოდ ინდონეზიის მაჩვენებელს აღემატება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203