„მასწავლებლები ძალიან იღლებიან“ - სკოლის დირექტორები პედაგოგების ონლაინ სამუშაო საათებსა და დატვირთვაზე
26-05-2020

დისტანციურ სასწავლო პროცესი უკვე ჩვენ ყოველდღიურობად იქცა. თუ ორი თვის წინ წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა ემართა მასწავლებელს კლასი ონლაინ რეჟიმში, დღეს ეს უკვე წარმოუდგენლად აღა ეჩვენებათ. 

დისტანციური სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ დასახვეწია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი დროის მენეჯმენტია. ხშირად ისმის მასწავლებლების წუხილი გაზრდილ სამუშაო საათებსა თუ დატვირთვაზე, ერთი და იმავე გაკვეთილის რამდენჯერმე ახსნაზე, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე. etaloni.ge დაინტერესდა, არის თუ არა უფრო შრომატევადი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მასწავლებლებისთვის და გაეზარდათ თუ არა სამუშაო დრო სკოლაში მუშაობის პერიოდთან შედარებით. გთავაზობთ დირექტორების კომენტარებს:

კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქეშელაშვილი:

„დროის მენეჯმენტის მხრივ არ გაზრდილა დატვირთვა იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვეულებრივი სწავლების დროს იყო. „თიმსში“ ყველა ვერ შემოდის ერთდროულად, მითუმეტეს სოფლის სკოლაში ყველა როგორ იქნება ჩართული, როცა ქალაქის სკოლებშიც ვერ ხერხდება ეს. სხვა დანარჩენი საშუალებებით ვცდილობთ, რომ ნორმალურად გვქონდეს კონტაქტი „მესინჯერი“ იქნება ეს თუ სხვა. ასეთი მუშაობა გართულებულია, მითუმეტეს, როცა ჩვეულებრივ გაკვეთილს უტარებ, თავზე ადგახარ მოსწავლეს. ონლაინში ვინ რას მოიმიზეზებს და ვის წვდომა არ აქვს, ამის კონტროლის საშუალება არ გვაქვს. უკონტაქტობაზე ჩივიან მასწავლებლები ყველაზე მეტად, რადგან ბავშვები ათას მიზეზს იგონებენ, რომ რამენაირად არ ჩაერთონ სასწავლო პროცესში. თუმცა ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ვახერხებთ მაინც დავალებების შემოწმებასაც და კონტაქტსაც, ასე რომ არ გაგვჭირვებია ამის გაკეთება ამ პერიოდში“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი მზიური ოდიშარია:

„ჩვენ ცხრილი შედგენილი გვაქვს ყველა კლასისთვის, როდის უნდა შემოვიდნენ, იციან. ტელეგაკვეთილებსაც უყურებენ ბავშვები და მასწავლებლები უმოწმებენ ცოდნას. ზოგჯერ გაკვეთილი 20 წუთზე მეტხანს გრძელდება, რადგან ყველა ბავშვი ვერ შემოდის იმ 20 წუთში. ამიტომ ზოგჯერ საჭირო ხდება მეტი დროის დახარჯვა. ზოგჯერ მოსწავლეებს არ აქვთ ინტერნეტი. მე, როგორც დირექტორი, ყველა მასწავლებელთან შევდივარ, ისინი რომ იწყებენ გაკვეთილს მე ზარი მომდის. შემიძლია, რომ დავესწრო გაკვეთილს, გავესაუბრო ბავშვებს, მაგრამ ამას ნაკლებად ვაკეთებ, რათა ხელი არ შევუშალო. მასწავლებლები დატვირთულები არიან. ჩემი მასწავლებლები ძალიან კარგად არიან ამ საქმეში გათვითცნობიერებულები და მიკვირს, რომ ასე უცბად აითვისეს ყველაფერი. მასწავლებლების შრომა დისტანციური სწავლების პირობებში საკმაოდ გაიზარდა. გარდა დათმობილი დროისა, ხომ უნდა მოემზადოს მასწავლებელი, დავალება მისცეს, იქ მშობელი უსმენს ბავშვს, მეზობელი უსმენს (ზოგს ტელეფონიც არ აქვს და მეზობელთან გადადის)“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი კლიმენტი ტაბატაძე:

„სწავლის პროცესის დრო შეიძლება იმდენად არ გაზრდილა, მაგრამ უფრო მეტად სიახლის დანერგვა მოგვიწია. ასეთ რეჟიმს შეუჩვეველები შევხვდით, უფრო შრომატევადია, განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს საქმიანობა. დროის მენეჯმენტი სად სასკოლო პერიოდში და სად ახლა, მაგრამ ეს შეუჩვევლობის მომენტი რომ არის, ამის დაძლევა უფრო მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს. პრობლემა არის იმ მხრივ, რომ მოსწავლეები ერთდროულად ვერ ახერხებენ გაკვეთილზე შემოსვლას და სანამ ყველა შემოვა, დიდი დრო გადის. ერთი გაკვეთილი 20 დან 40 წუთამდე გრძელდება და თუ ყველა მოსწავლე ვერ შემოდის დამატებით კიდევ ვუკავშირდებით სხვადასხვა საშუალებით. ეს პერიოდი იყო სიახლე და ძირითადი დატვირთვაც სიახლესთან შეჭიდება იყო“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია:

„მასწავლებელთა შრომა გაიზარდა. სხვათაშორის, ძალიან შრომატევადია დისტანციური სწავლების პროცესი, იმიტომ, რომ თითოეული მოსწავლე ითხოვს ინდივიდუალურად მიდგომას. როდესაც კლასში არიან, მასწავლებელი როდესაც ხსნის გაკვეთილს, ყველას ესმის და აქ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უხსნის პედაგოგი, ჩათვალეთ, რომ მასწავლებელი თითო-თითო ბავშვს უტარებს გაკვეთილს. დროის მენეჯმენტის მხრივ, რა თქმა უნდა, მეტი დრო სჭირდება მასწავლებელს ამ შემთხვევაში. თითო მოსწავლეზე მეტ დროს ხარჯავს პედაგოგი, ვიდრე საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლაში, საკლასო ოთახში. მეტი აქტივობებია მოსწავლეთა მხრიდან. „თიმსში“ შემოდიან მოსწავლეები დათქმულ დროს, გაკვეთილები, ძირითადად, ცხრილის მიხედვით ტარდება. ასევე იხმარებენ ტელესკოლასაც და მაქსიმალურად არიან დატვირთულები“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა:

„ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და 2-3-4 ბავშვს ერთად უტარებენ მასწავლებლები გაკვეთილს. რა თქმა უნდა, დისტანციური სასწავლო პროცესი გაჭირვების არის. გაკვეთილი არის: მასწავლებელი, საკლასო ოთახი და მოსწავლე. მაგრამ ახლა, ამ პირობებში, როგორც შესაძლებელი იყო ისე ტარდებოდა გაკვეთილები. ნათქვამი რომ არის, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, სხვანაირად არ შეიძლებოდა და ასე კეთდებოდა. ჩვენთან ინტერნეტი ჭირს, მაგრამ ჯერ ჩატების საშუალებით უკავშირდებოდნენ მასწავლებლები მოსწავლეებს, შემდეგ „თიმსში“ განათლების სამინისტროს მიერ მოცემულ პლატფორმაში ჩაერთვნენ. ასე იყო თუ ისე, გაკვეთილები ტარდება და ტარდებოდა. მოსწავლეთა სიმცირის გამო მარტივად ხერხდებოდა ყველასთან კონტაქტი, მათი ჯგუფებად დაყოფა არ დაგვჭირვებია, რადგან ისედაც ცოტა მოსწავლეა. მასწავლებელთა შრომა, რა თქმა უნდა, გართულებულია. განმეორებით ვამბობ, რომ სრულყოფილი არის გაკვეთილი მაშინ, როცა საკლასო ოთახში ტარდება, სადაც მოსწავლეები და მასწავლებელი არიან. სადაც პირდაპირი კონტაქტია. საგაკვეთილო ცხრილი კი შევადგინეთ დისტანციური სწავლების პროცესში, მაგრამ ვინც როგორ ახერხებს, ისე ატარებს გაკვეთილს. არცერთი გაკვეთილი არ გამოტოვებულა. მასწავლებლები დავალებებს აძლევენ მოსწავლეებს, შემდეგ ითხოვენ და უკუავშირი არის“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე:

„დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, შრომატევადია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან შედარებით. უმრავლესობას აქვს პრობლემები: კომპიუტერის, ინტერნეტის და ერთი და იმავე კლასთან და ინდივიდუალურად ბავშვებთან მასწავლებლებს უწევთ რამდენჯერმე ჩართვა დღეში. ერთი და იმავე გაკვეთილის რამდენჯერმე გამეორება და ა.შ. ზოგს სატელეფონოდ უხსნიან, ზოგს „მესინჯერში“ უკავშირდებიან, ზოგს „თიმსში“ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოსწავლეებამდე მიიტანონ ასახსნელი მასალა. რადგან ყველა მოსწავლე ერთად ვერ შემოდის გაკვეთილზე, დროში ძალიან იწელება ეს პროცესი, მასწავლებლები ძალიან იღლებიან. მაგრამ რა ვქნათ? სხვა გზა არ გვაქვს. რაღაცნაირად ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ. ნაწილს „თიმსში“ უტარებენ პედაგოგები გაკვეთილს, ვინც სოფლებშია წასული, ტელეფონით უკავშირდებიან, ზოგს „მესინჯერით“ და ასე ყველაფერს ცდილობენ. ოცწუთიან გაკვეთილებს ვატარებთ, ზოგჯერ თუ მეტად საინტერესო თემაზეა, თავად ბავშვების სურვილით ხანგრძლივდება ხოლმე გაკვეთილი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203