კორონავირუსის პანდემიამ პედაგოგთა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მნიშვნელოვანად შეაფერხა. მათ შორის ერთ-ერთია გარე დაკვირვება, რომელიც უფროსი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად სავალდებულო აქტივობაა. მისი გადადება კი სწავლის შეჩერების გამო მოუწიათ.
ამ ფაქტმა კი პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია. გარე დაკვირვების გავლის შემთხვევაში ისინი ახალ სასწავლო წელს ამაღლებულ სტატუსთან ერთად, გაზრდილი ხელფასით შეხვდებოდნენ, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ანაზღაურების გაზრდა, იდეალურ შემთხვევაში 2021 წლის იანვრამდე გადაიწევს.
გთავაზობთ, სოციალურ ქსელში პედაგოგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს:
„ესაა გამოსავალი? ამდენი თავდაუზოგავი შრომა, მოლოდინით სავსე უძილო ღამეები და ბოლოს გულისტკივილი და არაფრად ჩაგდება. ვფიქრობდით მასწავლებლებს შრომა დაუფასდებოდათ. დისტანციური სწავლება გარე დაკვირვებაა აბა რა არის, ამდენი ნერვიულობის და სტრესის შემდეგ მხოლოდ ეს გვაკლდა...“
„მხოლოდ ამას შეეხო პანდემია, თორემ სხვა ავად თუ კარგად გვარდება“;
„გაკვეთილების ჩატარებას თუ ვახერხებთ დისტანციურად, დაკვირვებაც ასე ყოფილიყო რა მოხდებოდა“;
„მესმის რომ იძულებულები იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ, დროის ცვლილება კი არ არის პრობლემა და ის თუ როდის გავივლით გარე დაკვირვებას, პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს შემოსავალზე აისახება. მუდმივი მოლოდინის და სტრესის ქვეშ ვართ მასწავლებლები“;
„ვფიქრობ, უკეთესი რამის მოფიქრებაც შეიძლებოდა. იმის გარანტია არ გვაქვს რომ სექტემბერში ყველაფერი დალაგდება და ეს ვირუსი გაქრება, იგივე მდგომარეობა რომ იყოს რა უნდა ვქნათ ვერასდროს ვეღარ უნდა მივაღწიოთ ვერაფერს და იმ საფეხურზე დავრჩეთ რომელზეც ახლა ვართ? ვფიქრობ უკეთესი გამოსავალიც მოიძებნებოდა“.
რამდენად მართებულია, ერთადერთ ალტერნატივად მხოლოდ პროცესის გადავადება, მაშინ როცა ეპიდემიოლოგების განცხადებით სასწავლო პროცესის შეწყვეტა შესაძლოა, მომავალ სასწავლო წელსაც გახდეს საჭირო და ჰქონდა თუ არა მასწავლებლის სახლს სხვა ვარიანტები, რომ გარე დაკვირვების პროცესი გადაეწია?! - Etaloni.ge შეეცადა დამატებითი განმარტება მასწავლებლის სახლისგან მიეღო, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
წინა პერიოდში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, კი ვიგებთ, რომ გარე დაკვირვების ვადების გადაწევა ყველაზე ოპტიმალურ გზა იყო მასწავლებლებისთვის: „მაქსიმალურად ვეცდებით, პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველსავე სემესტრში მივცეთ მისი გავლის საშუალება, რათა იანვარში სტატუსის ამაღლება შეძლონ“ - აღნიშნა შუკაკიძემ.