„ჩვენ ძალით შეგვაფერხეს, დაგველოდონ ის პედაგოგები, რომლებმაც გარე დაკვირვება უკვე გაიარეს მიმდინარე სასწავლო წელს და სტატუსი და დანამატი ერთად მივიღოთ. ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა, ისიც არ ვიცით, როდის მოგვიწევს გარე დაკვირვება და როდის გვექნება ახალი სტატუსი, ჩვენი ბრალი ხომ არაა, რატომ ვზარალდებით?“ - ასე მიმართა ერთ-ერთმა უკმაყოფილო პედაგოგმა etaloni.ge-ს.
საქართველოში გავრცელებულმა ეპიდემიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გეგმები შეცვალა. პედაგოგებმა, რომლებმაც გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, სტატუსს ელოდებიან, ვინც ეპიდსიტუაციის გამო შეფერხდა და გარე დაკვირვება ვერ გაიარა - ახალ ვადებს ელოდება.
მასწავლებლები ფიქრობენ, რომ გარე დაკვირვება განსხვავებულ ფორმატში უნდა ჩატარებულიყო და არ გადადებულიყო, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეპიდსიტუაციამ შესაძლოა, შემოდგომაზეც შეუშალოთ ხელი სტატუსის ამაღლებაში, ამიტომ საუკეთესო ვარიანტად გარე დაკვირვების ონლაინ რეჟიმში გავლა მიაჩნიათ.
პედაგოგთა ნაწილი, რომლებიც გარე დაკვირვების მიღმა დარჩნენ, სხვა მასწავლებლების სტატუსის ამაღლების წინააღმდეგ გამოდის. ისინი ამბობენ, რომ იქამდე არ უნდა მიიღონ წამყვანის სტატუსი იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელს გარე დაკვირვება უკვე გაიარეს, სანამ მათი კოლეგების ბედი არ გაირკვევა და მათაც არ მიეცემათ სტატუსის შეცვლის შანსი.
etaloni.ge დაინტერესდა, როდის მიიღებენ დანამატს ის პედაგოგები, რომლებმაც გარე დაკვირვება უკვე გაიარეს წარმატებით? აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო, რომ გაითვალისწინოს მასწავლებელთა ნაწილის პროტესტი და უკვე წამყვანის სტატუსის მოლოდინში მყოფი პედაგოგები შეაფერხოს?
„არ ვიცით ზუსტად როდის იქნება სტატუსზე წარდგინების პერიოდი. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ვადები გამოცხადდება, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტი თარიღი. ვინც ვერ გაიარა გარე დაკვირვება მათი წარდგინება თავისთავად გადაიდება, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში არაა, ვინც ვერ გაიარა გარე დაკვირვება მათი რეგისტრაციის ვადებიც გამოცხადდება, ამაზე მუშაობს ცენტრი“, - აღნიშნავს უწყების წარმომადგენელი.