განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება შესაძლოა შეიცვალოს
26-05-2020
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შემცირდეს - ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.
კანონპროექტის თანახმად, კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
ბ) განათლების და მეცნიერების;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
ე) ევროპასთან ინტეგრაციის;
ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;
ზ) იურიდიულ საკითხთა;
თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
ი) საგარეო ურთიერთობათა;
კ) საპროცედურო საკითხთა და წესების;
ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის;
მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;
ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;
„აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება” - აღნიშნავენ კანონპროექტის ინიციატორები.